ლეონიდ ჩერნოვეცკი - უნებართვო გარევაჭრობასთან ბრძოლის შესახებ მერიის გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები

უკრაინელი ბიზნესმენი ლეონიდ ჩერნოვეცკი თბილისში უნებართვო გარევაჭრობის აღკვეთასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

ამის შესახებ ბიზნესმენი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. "ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ ჩერნოვეცკის პოსტს.

„თბილისის მერიამ უკანონო გარევაჭრობასთან ბრძოლა დაიწყო. სრულიად არ ვეთანხმები მერიის ამ გადაწყვეტილებას. მიმაჩნია, რომ ეს ქართველების ტრადიციებს არანაირად არ ითვალისწინებს და მათ ადამიანურ უფლებებს არღვევს, ვინაიდან მრავალ მოვაჭრეს ფაქტობრივად, თავის რჩენის სხვა გზა არ გააჩნია! თბილისში ხომ სამსახურის პოვნა არცთუ ისე მარტივია. ამასთან, თბილისელი მყიდველები მათგან რაიმეს შეძენისას თანხას მნიშვნელოვნად ზოგავენ - ბაზრებში, ძირითადად, გადამყიდველები ვაჭრობენ, რომლებიც მათ მიერ წარმოდგენილ პროდუქციას ფასებს საგრძნობლად უმატებენ! როდესაც კიევის მერის პოსტს ვიკავებდი, კარგად მახსოვს, მსგავს პრობლემას მეც შევეჯახე, მაგრამ კიეველების წინაშე სატელევიზიო ინტერაქტიული ეთერის გამართვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათგან 80% გარევაჭრობას მხარს დაბალი ფასებისა და მოსახერხებლობის გამო უჭერდა.

ამის შემდეგ ავაშენე მუნიციპალური ბაზრები და გლეხებს საშუალება მივეცი კანონიერად ევაჭრათ. უბრალო ადამიანების აზრიც გავითვალისწინე და თან ეს ბაზრები ქალაქში გაცილებით უკეთესად გამოიყურებოდნენ", - წერს ჩერნოვეცკი.

19 მარტიდან თბილისის მერიამ უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება დაიწყო. მათივე ცნობით, აღმაშენებლის გამზირზე, მეტრო "მარჯანიშვილის" მიმდებარედ გარემოვაჭრეებს უნებართვო საქმიანობის განხორციელების უფლება უკვე ჩამოერთვათ.