საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2017 წლის პირველი მარტისთვის 16.5 მლრდ ლარი შეადგინა , რაც 619.1 მლნ ლარით ანუ 3.6 პროცენტით ნაკლებია პირველი თებერვლისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 0.4 პროცენტით ნაკლები).
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 508.8 მლნ ლარით ანუ 5.3 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 1.5 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები შემცირდა 110.2 მლნ ლარით, ანუ 1.5 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.1 პროცენტით).
მიმდინარე წლის პირველი მარტისთვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 29.56 პროცენტი შეადგინა. პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.47 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 4.8 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.8 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 3.0 პროცენტი.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 85.4 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 12.0 პროცენტი შეადგინა.