გოგა ონიანს შევახსენებ, რომ ავლაბრის მეტროსთან კედელი მათი ხელისუფლების დროს არის გაკეთებული და თავის დროზე ძალიან დიდი ფული შეიჭამა , - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, გოგა ონიანის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
დავით ნარმანიას განმარტებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავის დროზე კედელი უფრო ხარისხიანად რომ გაეკეთებინა, რამდენიმე წელიწადში მისი გამოცვლა არ გახდებოდა საჭირო.
„ჩვენ იძულებული ვართ წელს ეს კედელი გამოვცვალოთ და აღვადგინოთ. ამიტომაც ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს შესაბამისი დაფინანსება. თავის დროზე, უფრო ხარისხიანად რომ გაეკეთებინათ, მისი რამდენიმე წელიწადში ჩანაცვლება აღარ იქნებოდა საჭირო“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის გოგა ონიანის განცხადებით, მერიამ 100 ათასობით ლარი არამიზნობრივად დახარჯა.
„ავლაბრის მეტროსთან ვერტიკალური სკვერის გახმობასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიამ 133 ათასის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა, რომელიც მის აღდგენას გულისხმობს. თუმცა, ამავდროულად გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ გასულ წელს მერიამ 100 ათასობით ლარი გადაიხადა მის მოვლაში. იმის ნაცვლად, რომ სწორედ ამ ტენდერში გამარჯვებული კომპანიისთვის დაეკისრებინა მისი აღდგენა“, - განაცხადა გოგა ონიანმა.