საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სამტრედია-გრიგოლეთის გზის 18.5 კილომეტრიანი მონაკვეთის (ლოტი 2) მშენებლობას ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა დღემდე განხორციელებული საგზაო პროექტებიდან ყველაზე მაღალბიუჯეტიანია და მისი ღირებულება 254 მილიონ ლარს შეადგენს.
სამტრედია-გრიგოლეთის მე-2 მონაკვეთის მშენებლობის პროექტი 18.5 კილომეტრიანი 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 9 სახიდე გადასასვლელის, 3 სატრანსპორტო კვანძისა და 76 სწორკუთხა მილის მშენებლობას ითვალისწინებს.
ამ დროისათვის, მონაკვეთზე გზის საფუძვლის მოწყობისა და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინსიტრმა ზურაბ ალავიძემ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა სიმონიამ დაათვალიერეს.
პროექტის მიზანია, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობის, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფა.
სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-2 მონაკვეთი გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჯაპანას, ქვიანს, ნიგოითსა და ქვემო შუხუთს გაივლის. სამუშაოები 2018 წელს დასრულდება.