მთაწმინდის რაიონში, ამაღლების ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.როგორც თბილისის მერიიდან იუწყებიან, სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია დღეს ადგილზე გაეცნო და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსისგან, გივი კუბლაშვილისგან პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
„მას შემდეგ, რაც ამაღლების ქუჩაზე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მიმდინარეობს გზის საფარის აღდგენა -კეთდება ტროტუარები, ქუჩა მოეწყობა მთლიანად, თავიდან ბოლომდე. უახლოესი 10 დღის განმავლობაში ინტენსიური სამუშაოების შედეგად დასრულდება პროექტი და ქუჩა ჩაბარდება ქალაქს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში, 9 000 მ2-ზე მიმდინარეობს ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი, სანიაღვრე ქსელს ემატება ორი ახალი ცხაური, რის შემდეგაც დაიგება ახალი საფარი, ბაზალტის ბორდიურებით კი ტროტუარები მოეწყობა.
მთაწმინდის რაიონში, ამაღლების ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით შპს „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს. პროექტის განხორციელება 4 მარტს დაიწყო და რამდენიმე დღეში დასრულდება.