კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა, არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით, 2017 წლის თებერვალში , წინა თვესთან შედარებით 451.7 მლნ ლარით (2.4%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.6 პროცენტით გაიზარდა) და 2017 წლის პირველი მარტისთვის 18.7 მლრდ ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 153.4 მლნ ლარით (2.3%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 605.0 მლნ ლარით (4.8%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.3 პროცენტით შემცირდა).
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2017 წლის თებერვლის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.0 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.9 პროცენტით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით - 6.5 მლრდ ლარის (3.2 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.3 პროცენტით მეტი).
2017 წლის თებერვლის განმავლობაში 1.9 პროცენტით ანუ 184.9 მლნ ლარით შემცირდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მარტისთვის 9.4 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის პირველი მარტისთვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 36.31 პროცენტი შეადგინა. პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.59 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.