82 050 ლარი წლიური შემოსავალი - რა ქონების მფლობელია მოსამართლე ნატალია ნაზღაიძე

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ნატალია ნაზღაიძის შემოსავალმა 2015 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 82 050 ლარი შეადგინა.

ნაზღაიძე და მისი ქონება განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საქმის ერთ-ერთ მოსამართლედ დაინიშნა და მისი გადაწყვეტილებით ტელევიზია ყოფილ მფლობელს ქიბარ ხალვაშს გადაეცა.

ბოლო ქონებრივი დეკლარაცია ნაზღაიძეს 2016 წლის 28 მაისს აქვს შევსებული. დეკლარაციის თანახმად, ნაზღაიძე ფლობს თბილისში, 106 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას; იმავე მისამართზე მდებარე 18 კვ. მეტრი ფართობის ავტოფარეხს და 1 300 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს თელეთში. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი mersedesi ML 350.

დეკლარაციის შევსების მომენტში მოსამართლეს „რესპუბლიკა ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე - 4 089.24 ლარი, ანაბარზე - 919.12 დოლარი; მეგობარ ანაბარზე - 2 145.70 ლარი; ვადიან ანაბარზე კი - 3 700 ლარი ჰქონდა.

ამასთან, დეკლარაციის შევსების მომენტში „რესპუბლიკა ბანკში“ ჰქონდა 5 600 ლარის ოდენობის სესხი, რომლის გასავალმაც 2015 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 121 ლარი შეადგინა. 2015 წლის განმავლობაში მისმა გასავალმა შვილის სწავლის საფასურის სახით 5 ათასი ლარი შეადგინა.

მოსამართლეს ჰყავს მამა - ივანე ნაზღაიძე; შვილი - მარიამ ბურდული და ძმა - ზვიად ნაზღაიძე. მამა ივანე ნაზღაიძე თბილისში 269 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს და ამავე მისამართზე 500 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს ფლობს; 130 კვ. მეტრი ფართობის ბინას თბილისში; იმავე მისამართზე მდებარე 18 კვ. მეტრის ავტოფარეხს; დუშეთში, სოფელ სეთურებში მდებარე 783 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს და 50 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს დაბა ბაკურიანში, რომლის მხოლოდ 1.98% ეკუთვნის მას. აღნიშნული მიწის ნაკვეთის თანამფლობელები კი ციცინო დევრისაშვილი და ლიანა მაისურაძე არიან.

ივანე ნაზღაიძეს ეკუთვნის ასევე მსუბუქი ავტომობილი subaru forester-ი. მოსამართლის ძმა ზვიად ნაზღაიძე კი ინდივიდუალურ მეწარმედ არის დარეგისტრირებული და ამ საქმიანობით მიღებულმა მისმა შემოსავალმა 2015 წლის განმავლობაში 4 ლარი შეადგინა.

მოსამართლე ნატალია ნაზღაიძის მიერ 2004 წელს შევსებული პირველი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ბოლო დეკლარაციაში აღრიცხული უძრავი ქონებიდან მხოლოდ თბილისში მდებარე საცხოვრებელი სახლი ეკუთვნოდა მოსამართლის მამას ივანე ნაზღაიძეს.