„ჰუალინგ ჯგუფმა“ ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში განსათავსებელი სასტუმროს ფასადის შექმნის მიზნით ტენდერი გამოაცხადა

„ჰუალინგ ჯგუფმა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ყოფილ შენობაში განსათავსებელი სასტუმროს ფასადის შექმნის მიზნით ტენდერი გამოაცხადა.

როგორც „ჰუალინგ ჯგუფის“ „ფეისბუქის“ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სს „ჰუალინგის საერთაშორისო სპეციალური ეკონომიკური ზონა“ აცხადებს ტენდერს თბილისში, ჭანტურიას ქ. N12-ში, შპს "ჰუალინგის საერთაშორისო სპეციალური ეკონომიკური ზონის" საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის (სასტუმროს) ფასადის კონცეპტუალური პროექტის მომზადებისათვის პირის/კომპანიის შერჩევის მიზნით.

დაინტერესებულმა პირებმა შეთავაზებები უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2017 წლის 25 აპრილისა, 15:00 საათამდე. სატენდერო დოკუმენტაციის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე -

http://etenders.ge/view/51178/

თბილისში, ჭანტურიას ქუჩა 12-ში მდებარე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობა „ჰუალინგ ჯგუფმა“ 2015 წლის 26 ივნისს 9 450 000 აშშ დოლარად შეიძინა. ძირითადი საინვესტიციო ვალდებულებაა მყიდველის მიერ 3 წლის ვადაში არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმროს მოწყობა და ფუნქციონირების დაწყება.