ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, დიდ ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასვლა დაახლოებით 58 მილიარდი ევრო დაუჯდება. აღნიშნულის შესახებ Sky News იუწყება.
„ჩვენ ზუსტად უნდა გამოვითვალოთ თუ რა ვალდებულებები ჰქონდა დიდ ბრიტანეთს აღებული და შემდეგ კი ანგარიში უნდა დაფაროს ბრიტანეთმა“, - აღნიშნა იუნკერმა.
მისი თქმით, აღნიშნული თანხა მოიცავს იმ პროექტების ღირებულებას, რომლის დაფინანსებას დიდი ბრიტანეთი დათანხმდა, ასევე ევროკავშირის იმ თანამდებობის პირების პენსიებს, რომლებიც ბრიტანეთის ევროკავშირში წევრობისას მუშაობდნენ.
„ეს ანგარიში ასახავს ბრიტანეთის მთავრობისა და პარლამენტის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს“, - განაცხადა იუნკერმა.
„ადგილი არ ექნება სანქციებს, დასჯას, მაგრამ ბრიტანეთმა უნდა იცოდეს, რომ მათ პატივი უნდა სცენ ვალდებულებებს“, - ხაზგასმით აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა „მარცხი და ტრაგედიაა“.
„ჩვენ მოლაპარაკებებს მეგობრულ და სამართლიან გარემოში წარვმართავთ“, - დასძინა იუნკერმა.