"საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი“ ირაკლი როსტომაშვილი ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობის შესახებ წერს.
„ბიზნესპრესნიუსი“ როსტომაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„თავს უფლებას მივცემ, დავაფიქსირო ჩემი პიზიცია პრემიერ მინისტრის მიერ გუშინ, 23 მარტს, გაჟღერებულ ინიციატივასთან დაკავშირებით:
მიმაჩნია, რომ ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილებაა სამინისტროებისა და სხვა სამთავრობო უწყებების ერთ ტერიტორიალურ კომპლექსად განთავსება (ამ გადაწყვეტილებას ბევრად მეტი სასიკეთო მხარე აქვს ვიდრე კვირიკაშვილმა ჩამოთვალა).
არ მიმაჩნია სწორედ ამ კომპლექსის დასახელებულ ტერიტორიაზე - ორთაჭალაში განთავსება;
შევეცდები ავხსნა:
• თბილისში ცხოვრობს 1.2 მილიონი მოქალაქე. აქედან 1 მილიონზე ცოტა ნაკლები მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, 200 ათასზე ცოტათი მეტი მარჯვენა სანაპიროზე.
• ცხადია ამ კომპლექსის დატვირთვა პროპორციულად მოხდება.
• დამეთანხმებით, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით (ტრანსპორტი, ხიდები, გზები და ა.შ.) უკეთესია კომპლექსი განთავსდეს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე.
• პირობითად, თუ ამ კომპლექსში დასაქმებული იქნება 5000 ათასი მოქალაქე და ამდენივე ვიზიტორი, (დღეში 10 000 მოქალაქე). ნამდვილად უკეთესი იქნება 2 000-ს უწევდეს თბილისის 11 ხიდზე ერთი სანაპიროდან მეორეზე გადასვლა, ვიდრე 8000-ს.
• ტრანსპორტი ბევრად უფრო განვითარებულია და აქვს განვითარების საშუალება მარცხენა სანაპიროს.
• აეროპორტი, სარკინიგზო სადგურები, მდებარეობს მარცხენა სანაპიროზე.
• ორთაჭალას არ აქვს მეტროს ხაზი (ძირითადი ურბანული ტრანსპორტი).
• თუ გვინდა, რომ თბილისში ყველა დეველოპერს მხოლოდ ვაკეში და ვერაზე არ უნდოდეს მშენებლობა, უნდა მოვახდინოთ მარცხენა სანაპიროს განვითარება-კაპიტალიზაცია“, - წერს როსტომაშვილი.