ბათუმის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე უძღვებოდა. საკრებულოს წევრებმა სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ცხრა საკითხი განიხილეს.
როგორც ბათუმის საკრებულოდან იუწყებიან, სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა ქ. ბათუმის 2017 წლის ბიუჯეტში, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტი 3,770,0 მლნ ლარით იზრდება. საკრებულოს პრესსამსახურის განცხადებით, ცვლილების თანახმად, ბიუჯეტის შემოსულობებისა და ნაშთის ცვლილებით, ასევე, გადასახდელების ცვლილებით ცალკეულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში, რესურსები ოპტიმალურად გადანაწილდა ინფრასტრუქტურის, განათლების, ჯამრთელობის დაცვისა და სოციალურ მიმართულებებზე. ასევე, გახორციელებული ცვლილებით შემცირდა ბათუმის 2017 წლის ბიუჯეტიდან ფინანსირებადი საბიუჯეტო ორგანიზაციების შრომის ანაზღაურების (საპრემიო) ფონდები.
საკრებულოს წევრებმა მოიწონეს ბათუმის მერიის მიერ წარმოდგენილი 2017 წლისათვის გასახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალი. განკარგულების თანახმად, ქ. ბათუმის მერიას დაევალა აჭარის ა/რ ბიუჯეტით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის მიზნით, საკრებულოს მიერ მოწონებული პროექტების აჭარის ა/რ მთავრობაზე წარდგენა.
ცვლილებები შევიდა საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაშიც. განკარგულების მიხედვით, ნუსხას რამდენიმე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და კიდევ ერთი არასაცხოვრებელი ფართი დაემატება, მათ შორის რამდენიმე - პირობიანი აუქციონის წესით, რამდენიმე კი უპირობოდ გასხვისდება. ასევე, გასხვისდება მერიის ბალანსზე არსებული ძველი ავტომანქანები, რომლებიც მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის განმარტებით, შეკეთებას აღარ ექვემდებარება.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ქ. ბათუმში 26 მაისის ქ. N45-ში მდებარე ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემას, შემდგომში მისი შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთვის სარგებლობაში გადაცემის მიზნით.
საკრებულოს წევრებმა თანხმობა მისცეს ქ. ბათუმის მერს საქართველოს პარლამენტის ბათუმის N68-ე ოლქის მაჟორიტარი წევრის ფატი ხალვაშისთვის ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, მაიაკოვსკის ქ. N23-ში მდებარე არსებული ფართის ნაწილის სასყიდლიან სარგებლობაში (ქირავნობა) გადაცემის თაობაზე.
მათივე ინფორმაციით, სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დამტკიცდა საზოგადოებრივი ტერიტორიის/სივრცის დროებითი სარგებლობის წესი, ასევე, ცვლილებები შევიდა ბათუმის მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხაში, რომლის მიხედვითაც ცალკეული თანამდებობის კატეგორია შეიცვალა უფრო მაღალი კატეგორიის ან/და რანგის თანამდებობით. დაკმაყოფილდა ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მცხოვრები ორი ოჯახისთვის საცხოვრებელი ბინების გადაცემის საკითხიც.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს განკარგულების პროექტს, რომლის თანახმადაც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მოსამზადებლად უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება. განკარგულების მიღების მიზანია, „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ საკრებულოს 2012 წლის N50-ე დადგენილებაში ცვლილებების შეტანა. ცვლილება ეხება შენობათა სიმაღლის განსაზღვრას, ასევე, კონკრეტულ ფუნქციურ ზონებში მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ-2-ის გაზრდის აკრძალვას, ასევე, განაშენიანების ინტენსიობის კოეფიციენტის კ-2-ის ხელმეორედ გაზრდის თაობაზე საკითხის განხილვის დაუშვებლობას. ცვლილების მიზანია დარეგულირდეს ქალაქის ტერიტორიაზე სამშენებლო მიწის ნაკვეთებთან მიმართებაში მოთხოვნილი შენობა-ნაგებობის შესაბამისობა გაბარიტების, არქიტექტურულ-ვიზუალური განვითარებისა და იერსახის შესაბამისობის კუთხით.
საკრებულოს სხდომას ბათუმის ვიცე-მერი ბაგრატ მანველიძე, მერის მოადგილე ალექსანდრე მითაიშვილი, მერიის სამსახურების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.