შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორ ზვიად ქაწაშვილთან ერთად, ყაზბეგის რაიონის სოფელ გერგეტში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გახსნა.
როგორც სამინისტროდან იუწყებიან, ღონისძიებას საქართველოში ვიზიტით მყოფი უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის უფროსი მიკოლა ჩეჩოტკინი და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დეპარტამენტის დირექტორი ვოლოდიმურ დემჩუკი დაესწრნენ.
შს მინისტრის მოადგილემ, უკრაინელ სტუმრებთან ერთად ახალი შენობა, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, მეხანძრე-მაშველების სრული აღჭურვილობა და ავტოფარეხები დაათვალიერა.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ორსართულიანი შენობა თანამედროვე ინვენტარითა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვა, აშენდა ახალი სასწავლო კოშკურა და განხორციელდა შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.
აღსანიშნავია, რომ ახალ შენობაში 30-მდე მეხანძრე-მაშველი იმუშავებს, რომლებსაც ყოველდღიური ახალი სამუშაო ფორმები დაურიგდათ.