გამოფენა-ფორუმი სახელწოდებით - „არქიტექტურა - დროსა და ადამიანებს შორის გადებული ხიდი“ დღეს იხსნება. ღონისძიება კავკასიაში გერმანული დასახლებების 200 წლის იუბილეს ეძღვნება, რომელიც „გერმანია-საქართველო 2017 წლის ფარგლებში” ტარდება.
როგორც ეკონომიკის სამინისტროდან იუწყებიან, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 38-ე სესიის გადაწყვეტილებით, საიუბილეო თარიღი იმ ღირსშესანიშნავ თარიღთა სიაში შევიდა, რომლებიც 2016-2017 წლებში UNESCO-ს უშუალო მონაწილეობითა და მხარდაჭერით აღინიშნება.
მათივე ინფორმაციით, პროექტს ახორციელებს GIZ პროგრამა - “კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში” არქიტექტორ და მშენებელ ქალთა გაერთიანებასთან - „ქალები აშენებენ კავკასიას“ თანამშრომლობით.
პროექტის მხარდამჭერები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს არქიტექტორთა კავშირი და ენერგოეფექტურობის ინჟინერთა გაერთიანება არიან.
მათივე ინფორმაციით, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება შენობა-ნაგებობების არქიტექტურული ნიმუშების ფოტო-მასალა, რომლის შექმნა უკავშირდება გერმანული დასახლებების ჩამოყალიბებას საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა საარქივო საილუსტრაციო მასალების ჩვენება, რომლებიც ასახავენ გერმანულ დასახლებებში სამშენებლო საქმიანობის განვითარებას. გამოფენაზე საარქივო ვიდეო-მასალის ჩვენებაა დაგეგმილი.
გამოფენის პარალელურად, დიალოგ-ფორუმი გაიმართება, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ხელოვნებათმცოდნეები და არქიტექტორ-მშენებლები მოხსენებებს წაიკითხავენ გერმანელების მიერ დატოვებულ კვალზე არქიტექტურასა და მშენებლობის განვითარებაში, საქართველოში გერმანული დასახლებების ტურისტულ პოტენციალსა და მის როლზე ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. პროექტის ფარგლებში ჟურნალის გამოცემაა დაგეგმილი.
გამოფენას 18:00 საათზე სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორის განვითარების პროგრამის დირექტორი მარიტა რიდელი გახსნის.