სამთავრობო ქალაქთან დაკავშირებით ბატონ პრემიერ-მინისტრის მხრიდან იყო მოსაზრება, თუ კარგად მოუსმენდით, იქვე იყო საუბარი, რომ უნდა დამუშავდეს განაშენიანების რეგულირების გეგმა , - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ტყემალაძე საკრებულოს სხდომაზე დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას სამთავრობო ქალაქის პროექტის მშენებლობასთან დაკავშირებით.
გიორგი ტყემალაძის თქმით, სამთავრობო ქალაქის მშენებლობასთან დაკავშირებით დამუშავდება განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც ბოლოს დასამტკიცებლად საკრებულოში შევა.
”სამთავრობო ქალაქთან დაკავშირებით ბატონ პრემიერ-მინისტრის მხრიდან ეს იყო მოსაზრება. თუ კარგად მოუსმენდით, იქვე იყო საუბარი, რომ უნდა დამუშავდეს განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც შესაბამისად გაივლის თბილისის მერიას, საბოლოო ჯამში ჩვენი მისაღები და დასამტკიცებელი იქნება. ჩვენი გადაწყვეტილების გარეშე აღნიშნული საკითხი სამართლებრივად ბოლომდე ვერ მივა. ჩვენი ჩართულობა იქნება მთავარი”, - განმარტა გიორგი ტყემალაძემ.
რაც შეეხება იმას, იყო თუ არა თბილისის გენგეგმის შემდგენელ ჯგუფთან შეთანხმებული აღნიშნული პროექტი, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ ილუზია იქნება გენერალური გეგმის ჯგუფმა მისცეს მათ რეკომენდაცია ამა თუ იმ ტერიტორიაზე, სად აშენდეს სამთავრობო ქალაქი. თუმცა, ტყემალაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმა გენგეგმის ჯგუფთან უნდა შეთანხმდეს.