ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის Ryanair-ის საქართველოში შემოსვლის მოთხოვნით ინტერნეტში პეტიცია გავრცელდა.
პეტიცია არტი მაკარმა გაავრცელა და ხელმომწერები ავიაკომპანია "რაინეარს", ავიაკომპანიის მფლობელს მაიკლ ოლირსა და კომპანიის ერთ-ერთ დირექტორს მაიკლ ჰაიკის ირლანდიური ავიაკომპანიის საქართველოში შემოსვლას სთხოვენ.
ამ დროისათვის პეტიციას 147 ადამიანი აწერს ხელს.
„უკვე დიდი ხანია საქართველო ევროპულ გზას ადგას და ქვეყანაში ბევრი ცვლილება განხორციელდა. საქართველომ საკმაოდ შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია ამ დროის განმავლობაში. ერთ-ერთი საუკეთესო რაც მოხდა, 2012 წელს ქუთაისის აეროპორტში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizzair-ის ოპერირება იყო. შედეგად, 2016 წელს ქუთაისი საუკეთესო ფასებით Wizzair-ის 27 მთავარ ქალაქს შორის ერთ-ერთი იყო. ეს კი ნიშნავს, რომ ქართული ბაზარი სწრაფად ვითარდება და მოთხოვნა იაფ ფრენებზე უფრო და უფრო იზრდება. შედეგად ქუთაისის აეროპორტი ძალიან პოპულარული გახდა. იაფმა ფრენებმა ევროპა უფრო ხელმისავწდომი გახადა რეგიონისთვის და პირიქით. რამდენიმე დღეში საქართველო მიიღებს უვიზო რეჟიმს ევროკავშირის ქვეყნებთან, თუმცა ამის გამო ბილეთის ფასები გაიზარდა წინა თვეებთან შედარებით და "დაბალბიუჯეტიანი ფრენები" არც ისე დაბალბიუჯეტიანი გახდა. ჩვენი სურვილია, "რაინეარი" ქუთაისის აეროპორტში შემოვიდეს, რათა მოსახლეობამ უკეთ ისარგებლოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლით", - აღნიშნულია პეტიციაში.
Ryanair საქართველოს ავიაბაზრით ჯერ კიდევ გასულ წელს დაინტერესდა. ავიაკომპანიის კომერციული დირექტორი დეივიდ ობრაიანი საქართველოშიც ჩამოვიდა და პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან სამუშაო შეხვედრაზე ავიაკომპანიის მიერ ქუთაისის მიმართულებით ავიარეისების დაწყების შესაძლებლობები განიხილა.
თუმცა, მიუხედავად ამისა, ავიაკომპანიის ადგილობრივ ბაზარზე შემოსვლა ამ ეტაპზე არ დასტურდება. როგორც რამდენიმე დღის წინ, „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს - „კომპანიასთან მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ ამ ეტაპზე საქართველოს ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით სიახლე არ გვაქვს“.
ავიაკომპანია Ryanair 1984 წელს დაარსდა, ოპერირება კი 1985 წლიდან დაიწყო. ამჟამად ავიაკომპანიის ავიაპარკი დაკომპლექტებულია ბოინგ 737-700 და ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით. გასულ წელს ავიაკომპანიამ 90 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა. 2015 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიას 72 ბაზა აქვს და 191 აეროპორტში ოპერირებს.