პარლამენტის წინ საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის შენობის წინ, სამოქალაქო სექტორის ორგანიზებით, საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობს. აქცია ეხმაურება აღმაშენებლის ხეივანში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რომლის დროსაც 11 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

აქციაზე სიმბოლურად განთავსდა ბანერები, პოსტერები და ჩასასვენებელი იმის სადემონსტრაციოდ, რომ საქართველოს გზებზე ოფიციალური მონაცემებით ყოველწლიურად 600 ადამიანი იღუპება, 9 ათასზე მეტი ადამიანი კი სხეულის სხვადასხვა დაზიანებებს იღებს. დღევანდელ აქციას ასევე შეუერთდნენ ის ადამიანებიც, რომელთა ოჯახის წევრებიც ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლნენ.

როგორც “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თეა თოდუამ განაცხადა, მან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვილი დაკარგა და მოუწოდებს ხელისუფლებას, მაქსიმალურად მოხდეს კანონის გამკაცრება, რომ მსგავსი შემთხვევები შემცირდეს.

“ჩემი შვილი მაშინ გარდაიცვალა, როდესაც პეკინზე ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელზე გადადიოდა. ის ერთი თვის განმავლობაში ებრძოლა სიკვდილს. მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მივმართავ ხელისუფლებას, მაქსიმალურად გამკაცრდეს კანონი, რომ ის ტკივილი, რაც მე და ჩემმა ოჯახმა ვნახეთ, სხვებმაც არ გაიზიაროს. მივმართავ მძღოლებს, რომ საჭესთან იყვნენ ყურადღებით, დაიცვან წესები, რომ არ გააუბედურონ ოჯახები”, - განაცხადა თეა თოდუამ.

აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ ხელისუფლებას, საგზაო უსაფრთხოება გახდეს ქვეყნისთვის პრიორიტეტული საკითხი და აგრესიული მძღოლების მიმართ გამოცხადდეს „ნულოვანი ტოლერანტობა“.

“ამ აქციით მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უშუალოდ პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საგზაო უსაფრთხოება გახდეს ქვეყნისთვის პრიორიტეტული საკითხი და ურჩი, აგრესიული მძღოლების მიმართ გამოცხადდეს „ნულოვანი ტოლერანტობა“. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იმატა ავტოსაგზაო შემთხვევებმა, რამდენიმე დღის წინ მომხდარმა საზარელმა შემთხვევამ, რომელსაც 11 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა და რომლის დედაც სიკვდილს ებრძვის, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ეს საკითხი ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, მძღოლების დაახლოებით 25% უხეშად არღვევს მოძრაობის წესებს. განმეორებით იხდიან ჯარიმებს, მაგრამ კვლავ რჩებიან უფლებამოსილ და საზოგადოებისთვის საშიშ მძღოლებად. საგზაო კრიმინალის და სიკვდილიანობის შესამცირებლად საჭიროა სახელმწიფოს დროული რეაგირება”, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ეკა ლალიაშვილმა.