სინათლის სხივი და იშვიათ მეტალის, როდიუმის ნანონაწილაკები საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ დიუკის უნივერსიტეტის მკვლევარებს ნახშირორჟანგი საწვავის ბევრი ტიპის მისაღებად საჭირო ერთ-ერთი მთავარი ბლოკი მიეღოთ. მათ მიერ აღმოჩენილი ქიმიური რეაქციის განსახორციელებლად, ჩვეულებრივი მზის სხივია საჭირო. მისი მეშვეობით შესაძლებელი გახდება ატმოსფეროში CO2-ის შემცველობის შემცირება და იმავდროულად, ენერგიის ალტერნატიული წყაროს იმგვარად გამომუშავება, რომ თანმდევი პროდუქტი არ იქნება ნახშირბადის მონოქსიდი.
რეაქციას იწვევს შუქის ულტრაიისფერი სპექტრი, რომელიც პლატინას ჯგუფის ქიმიურ ელემენტ როდიუმის ვერცხლისფერი ნანონაწილაკების დახმარებით, ნახშირორჟანგის დაშლას იწვევს. სითბოს ნაცვლად შუქის გამოყენების შედეგი ისაა, რომ გაცილებით დიდი რაოდენობით მეთანის გამომუშავებას იწვევს. იმავდროულად, ხდება ბევრი არასასურველი თანმდევი პროდუქტის გამოყოფა, თუმცა მათი შემცველობა უმნიშვნელოა.
ეს აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავლის კოსმოსური პროექტებისთვის. მაგალითად, „სპეისX-ის“ მარსის მისიისთვის, რადგან ის ჩვენს მეზობელ პლანეტამდე მისაღწევად, მეთანის გამოყენებას ითვალისწინებს.
ექსპერიმენტების დროს, ფხვნილისებრი მასალა, რომელიც სინთეზირებული როდიუმის ნანოკუბებისგან შედგება, თავსდება რეაქციის კამერაში, რომელსაც ნახშირორჟანგის და წყალბადის ნარევი მიეწოდება. ამ დროს ხდება ნანონაწილაკების დასხივება მძლავრი ულტრაიისფერი შუქით, რომელსაც LED (შუქდიოდური) წყარო გამოიმუშავებს. რეაქცია ოთახის ტემპერატურაზე მიმდინარეობს და მის შედეგად, ძირითადად მეთანი გამომუშავდება. ცნობისათვის, რეაქციაში შუქის ნაცვლად სითბოს (300 გრადუსი ცელსიუსით) გამოყენებისას, მეთანის და ნახშირჟანგის (მხუთავი აირი) თანაბარი რაოდენობით გამომუშავება ხდება.
როდიუმი ძალიან იშვიათი ელემენტია, რომელსაც კატალიზატორად უკვე იყენებენ სასუქების, სარეცხი საშუალებების და ფარმაცევტულ წარმოებაში. იშვიათად, ის საავტომობილო კატალიზატორებშიც გვხვდება. როგორც დიუკის უნივერსიტეტის ფიზიკის პროფესორი ჰენრი ევერიტი ამბობს, მეტალის ნანონაწილაკები მოქმედებენ, როგორც ანტენები, რომლებიც ხილულ და ულტრაიისფერ სხივებს ძალიან ეფექტურად აითვისებენ და ამ დროს ბევრ თვისებას იძენენ. მაგალითად, ამ დროს შესაძლებელია ელექტრობის გამომუშავება. გარდა ამისა, ამავე თვისების წყალობით, ისინი კატალიზატორების დანიშნულებითაც გამოიყენება.
ამ ეტაპზე, მკვლევარებს აინტერესებთ, როდიუმის ნანონაწილაკებს შეუძლიათ თუ არა კატალიზატორის როლის შესრულება სხვა ტიპის რეაქციებშიც. რა თქმა უნდა, მათ მიერ აღმოჩენილი რეაქციით, განახლებადი ენერგიის წყაროს მასობრივი წარმოებაა შესაძლებელი.