“ბავშვთა სამყაროს” მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებენ

“ბავშვთა სამყაროს” მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები აქციას მართავენ. ისინი გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებენ.

გარემოვაჭრეების თქმით, მათთან რამდენიმე ადამიანი იყო მოსული, რომლებმაც განუცხადეს, რომ შაბათიდან უნდა შეეწყვიტათ საქმიანობა. თუმცა, მათ არ აქვთ ინფორმაცია, ვინ იყვნენ ეს ადამიანები.

აქციაზე “დემოკრატიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი იმყოფება, რომლის თქმითაც, ხელისუფლება კი არ ცდილობს, რომ გარევაჭრობა მოაწესრიგოს, ის ადამიანებს ლუკმა-პურს ართმევს.

“გრძელდება გარემოვაჭრეთა პერმანენტული აქცია “დემოკრატიის ინსტიტუტის” მხარდაჭერით. სამწუხაროდ, ერთი ერთში მეორდება იგივე, რაც ხდებოდა სააკაშვილის პერიოდში. ხელისუფლება ცდილობს გარევაჭრობა კი არ მოაწესრიგოს, არამედ ამ ადამიანებს ბოლო ლუკმა წაართვას და დატოვოს მშიერი. ჩვენ ამასთან შეგუებას არ ვაპირებთ. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, სასწრაფოდ განახლდეს კანონპროექტზე მსჯელობა როგორც პარლამენტში, ასევე საკრებულოში, რომელიც დააგენს წესებს თუ რა ფორმით და რა წესებით არის დასაშვები გარევაჭრობა და არა აკრძალავს მას. აკრძალვა არა, ჩვენ გვინდა გარევაჭრობის მოწესრიგება. ცივილიზებული სახის მიცემა, ისეთის, როგორიც არის მთელ მსოფლიოში. ამის მიღებამდე კი ჩვენ მოვითხოვთ, რომ ნებისმიერი სახის ხელის შეშლა და მით უმეტეს, დევნა და დარბევა გარემოვაჭრეების, შეწყდეს”, - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

ჩხარტიშვილის თქმით, გუშინ მან და რამდენიმე გარემოვაჭრემ ღამე ქუჩაში გაათენეს.

“თუკი მერია მაინც გადაწყვეტს თავდასხმას, ჩვენ ღამისთევას და კოცონის დანთებას დავიწყებთ უკვე თბილისის მერიასთან”, - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, არიადნა შეყილაძის თქმით, მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან ემუქრებიან, რომ მათ დაარბევენ და წაართმევენ მაგიდებს.

“ჩვენ ვართ ყოვლად გაჭირვებული ხალხი, რომელიც ლუკმა-პურის საშოვნელად ვართ გამოსული. გვემუქრებიან მერიის ზედამხედველობის სამსახური, დაგარბევთ, წაგართმევთ მაგიდებსო, ახალგაზრდებიც გვერდში ვერ გვიდგანან შიშით, რომ ჩვენც არაფერი “გაგვიჩალიჩონო”. როგორც პრეზიდენტის ოჯახს მოუწყეს თავდასხმა, შესაძლებელია იგივე გამეორდეს ჩვენს შვილებზეც. ამიტომ ყველა ერიდება ტელევიზიებთან ლაპარაკს. ჩვენ არ ვართ ქუჩაში მოვაჭრე ხალხი, ჩვენ გვქონდა სამსახურები, სანამ ჩვენ შვილებს არ მისცემენ სამსახურს, მანამდე უნდა გავიჭირვოთ, ვიდგეთ ქუჩაში და ვიმუშაოთ ჩვენი შვილებისთვის, სანამ ფეხზე დგომა შეგვეძლება. წუხელ მთელი ღამე გავათენეთ აქ. გარშემო დარბოდნენ, კრიმინალური პოლიცია ცალკე იყო, მერია ცალკე, ვათევთ ღამეს იმისთვის, რომ ეს საცოდავად, ჩვენი მარჯვენით შეჭედილი მაგიდები არ წაგვართვან. სულ გვექნება 200-300 ლარის საქონელი, ჩვენ იმით ბაზრობაზე ვერ შევალთ”, - განაცხადა არიადნა შეყილაძემ.

გარემოვაჭრეები ამაღამ “ბავშვთა სამყაროს” მიმდებარე ტერიტორიაზე ღამის გათენებას აპირებენ.