გარემოვაჭრეთა აქციაზე “ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები მივიდნენ, რასაც შელაპარაკება მოყვა. ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა ასევე შეკითხვით მიმართეს აქციაზე მყოფ “დემოკრატიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელს ლაშა ჩხარტიშვილს, თუ რა შედეგი გამოიღო და რა აზრი ჰქონდა “ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულების მხარდამჭერ აქციებს. ლაშა ჩხარტიშვილმა მათ უპასუხა, რომ აქციები კიდევ არის საჭირო.
როგორც “ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთ-ერთი დაზარალებული აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც „ბავშვთა სამყაროს“ შენობა დაიწვა, მას სურდა, ვაჭრობა გარეთ გაეგრძელებინა, თუმცა, გარემოვაჭრეებმა 500 ლარი მოსთხოვეს.
აღნიშნულ ფაქტს გარემოვაჭრეები უარყოფენ და აცხადებენ, რომ ისინი გარეთ ვაჭრობაში ფულს არავის სთხოვენ.
“ბავშვთა სამყაროს” მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეთა აქცია გაიმართა. ისინი ქუჩაში ვაჭრობის აკრძალვას აპროტესტებენ. მათ წუხელ ღამე ქუჩაში გაათენეს.