ჩვენ სულ რაღაც ორ დღეში სტუდენტებთან ერთად უვიზოდ გავემგზავრებით ევროპული კულტურის დედაქალაქში, საბერძნეთში, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საბერძნეთის შემდეგ მთავრობის წევრები ევროპული პოლიტიკის დედაქალაქში, ბრიუსელში გაემგზავრებიან. "დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დასაწყისი და საშუალება ჩვენი თანამოქალაქეების, რომ ეს კოორდინაცია ევროპელ კოლეგებთან - ექიმი იქნება, პედაგოგი თუ სხვა, შედგეს და ეს კარი გაიღოს. ბრიუსელში ჩვენ ძირითადად გვექნება არაფორმალური შეხვედრები, თუმცა, უმაღლესი თანამდებობის პირებთან შეძლებისდაგვარად იქნება კომუნიკაცია. გვინდა კულტურული პროგრამაც მოვაწყოთ, მარტო არ ვიქნებით, წარმატებულ სტუდენტებთან ერთად მივფრინავთ და საზეიმო განწყობის შექმნის საშუალებაც გვექნება“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.