დღეს, ევროპის მოედანზე, სპეციალურად ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების დღესთან დაკავშირებით მოწყობილი ინსტალაციის - საქართველოსა და ევროკავშირის დროშების განათების საზეიმო ღონისძიება და გრანდიოზული გალა-კონცერტი გაიმართება , - ამის შესახებ თბილისის მერია იუწყება.
გალა-კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სოლო შემსრულებლები, ასევე ბენდები, ოპერის ქალთა გუნდი და ორკესტრი დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით. კონცერტი ევროპის მოედანზე 21:00 საათზე დაიწყება, ორ საათს გასტანს და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.
გუშინ კი, განახლებულ აღმაშენებლის საფეხმავლო მონაკვეთზე სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. დეკორაციებით მოწყობილი „ევროპული ქუჩის“ სტუმრებს საგანგებო დახლებიდან კულინარიის აკადემიის შეფ მზარეულები როგორც ქართულ, ასევე ევროპულ კერძებს სთავაზობდნენ.
გუშინ, 12:00 საათიდან უწყვეტ რეჟიმში, უკრავდნენ ქართველი DJ-ები: Nika J, Tomma, Bacho, Cobert, Gacha Bakradze, Luna989, Misho Urushadze და სხვა. ქუჩაზე მოეწყო ორი საბავშვო სივრცე, სადაც ბავშვებს თემატური თამაშები დახვდათ, კერძოდ, მათ სამგზავრო ჩემოდნის ჩალაგება ისწავლეს, ასევე, მიიღეს ინფორმაცია სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ.
15:00 საათიდან, სახალხო პროექტი, „გვიდირიჟორე“ მიმდინარეობდა, ასევე, გაიმართა თოჯინური ოპერა „სევილიელი დალაქი“.
ასევე დაუკრა ქართულმა ჯგუფმა The Black Marrows, დღის ბოლოს კი კონცერტი გაიმართა, რომელზეც ყველასთვის ცნობილი ევროპული მუსიკა გაჟღერდა.
თბილისში, 26-27 მარტს, ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავი ღონისძიებები იმართება.