ვიზალიბერალიზაციის სახით ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი გვაქვს, ეს პირველ რიგში აღიარებაა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების, რეფორმების, ჩვენი პერსპექტივებისა და ევროპული გზის , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ „იმედის დროსთან“ საუბრისას ვიზალიბერალიზაციის თემის კომენტირებისას განაცხადა.
„ვიზალიბერალიზაცია, ეს არის კონკრეტული შედეგის მომტანი ჩვენი მოქალაქეებისთვის, ეს არის შესაძლებლობა, რომ დამყარდეს უფრო მეტი ბიზნესკონტაქტი, შესაძლებელი იყოს ჩვენმა მცირე და საშუალო მეწარმეებმა მიიღონ მონაწილეობა გამოფენებში, შეძლონ ბიზნესპარტნიორების მოძიება ევროკავშირის ქვეყნებში. ეს არის შესაძლებლობა ჩვენი ხელოვანებისთვის, წარმოადგინონ თავიანთი ნამუშევრები ევროპის ქვეყნების გამოფენებში. ეს არის, ასევე, შესაძლებლობა სტუდენტებისთვის, ისარგებლონ მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამებითა და სტაჟირებით“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რისი დასაბუთება შეიძლება მოუხდეს საქართველოს მოქალაქეს მებაჟისთვის ევროკავშირის ქვეყანაში შესვლისას. „აუცილებელია, მიზანი იყოს განსაზღვრული და შეძლოს მოქალაქემ, რომელიც გაემგზავრება ევროკავშირში, მესაზღვრეს აუხსნას, თუ რა მიზნით მიემგზავრება იგი. მიზანი შეიძლება ემსახურებოდეს მოკლევადიან ვიზიტს - ეს შეიძლება იყოს სასწავლო, სამედიცინო, სამეცნიერო, ბიზნეს მიზნებისთვის მოგზაურობა. მნიშვნელოვანია მიზნობრიობა იყოს დაცული და არ უკავშირდებოდეს გრძელვადიან ვიზიტს. უნდა იყოს განსაზღვრული, თუ სად მიმგზავრება მოქალაქე, სად აპირებს დარჩენას, როდის ბრუნდება უკან და ამ ყველაფრის დასაბუთება უნდა შეძლოს, თუკი ასეთი კითხვები დაისმება“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილდებიან.