28 მარტს, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, საქართველოდან პირველი ფრენა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავის მიმართულებით, თბილისის აეროპორტიდან 04:55 საათზე განხორციელდება.
მომდევნო ფრენები ათენის მიმართულებით, 05:15 საათზე, მიუნხენის მიმართულებით კი 05:35 საათზეა დანიშნული.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირველი ფრენა 05:45 საათზე, ბუდაპეშტის მიმართულებით განხორციელდება. ფრენები ასევე ჩანიშნულია სალონიკის მიმართულებითაც.
უვიზო მიმოსვლით სარგებლობას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილიც აპირებს. ის ხვალ, დაახლოებით, 07:00 საათზე საბერძნეთის დედაქალაქში გაემგზავრება.
ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური, 90 დღის ვადით ისარგებლებენ.
უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.
მარიამ მენაბდიშვილი
წყარო ALLNEWS