თბილისში „მაკდონალდსის“ ლოგისტიკური ცენტრი იხსნება

„მაკდონალდსი” თბილისში საერთაშორისო ლოგისტიკურ ცენტრს ხსნის, რომელიც „მაკდონალდსის“ რესტორნების რეგიონულ მომსახურებას უზრუნველყოფს.

ლოგისტიკური ცენტრი, რომელსაც ამიერკავკასიაში ანალოგი არ აქვს, უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და ევროპაში აღიარებულ უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს. "მაკდონალდსის" ცნობით,  საწყობი უზრუნველყოფილია -20 საყინულე, მშრალი და სამაცივრე ზონით, რაც თავის მხრივ ლოგისტიკური მომსახურების პოტენციალის სრულ სპექტრს გულისხმობს.

”ლოგისტიკური ცენტრი ამიერკავკასიის რეგიონზეა გათვლილი. მისი დაგეგმარების პროცესში ევროპის მაკდონალდსი და მისი ოფიციალური პარტნიორი, გერმანული ლოგისტიკური კომპანია „ჰავი“იყო ჩართული. პროექტ „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, მაკდონალდსის ლოგისტიკურ ცენტრში დაინერგა სალათის ხაზი, რომელიც ორიენტირებულია ამიერკავკასიის მაკდონალდსის სისტემის სრულ მომარაგებაზე”, - იუწყებიან „მაკდონალდსიდან.”

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ცენტრის სრული ფართობი 3300 კვ. მეტრს შეადგენს და მასში 2.3 მილიონ ევროს ინვესტიცია განხორციელდა. ცენტრში დღეში 1500 ტონა პროდუქციის გადამუშავებაა შესაძლებელია. დასამქებულია 30 ადამიანი.

„მაკდონალდსი“ რესტორნების წამყვანი გლობალური ქსელია. მსოფლიოს 119 ქვეყანაში „მაკდონალდსის“ 36 000-ზე მეტი რესტორანი ფუნქციონირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 68 000 000 ადამიანს ემსახურება. საქართველოში „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წელს გაიხსნა და დღეს უკვე 11 ფილიალი აქვს - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში. „მაკდონალდს საქართველოს“ 930 ახალგზარდა ჰყავს დასაქმებული და ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტში 9 მილიონი ლარი შეაქვს. 2016 წლის კვლევის შედეგებით, "მაკდონალდს საქართველო" ევროპაში საუკეთესოდ დასახელდა.