ევროპის სხვადასხვა მიმართულებით "ვიზეარით" ავიაბილეთის ფასი 120 ლარიდან იწყება

ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლა რამდენიმე საათში ამოქმედდება.

ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის სხვადასხვა მიმართულებით ბილეთების ფასი კი ამ დროისთვის 120-280 ლარის ფარგლებში მერყეობს. თუმცა, როგორც ქუთაისის აეროპორტში აცხადებენ, ბილეთის ფასები მუდმივად იცვლება.

„ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა გაერკვია, თუ რა ღირს ამ ეტაპზე ბილეთები დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარის“ სხვადასხვა მიმართულებებზე.

კერძოდ, 30 მარტს ქუთაისი - დორტმუნდის მიმართულებით დაგეგმილ რეისზე ბილეთის ფასი - 280 ლარია; ქუთაისი - მიუნხენის 30 მარტს დაგეგმილ რეისზე ბილეთი ერთი მიმართლებით 120 ლარი ღირს; ქუთაისი - კატოვიცას მიმართულებით 30 მარტის რეისზე ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით 145 ლარია; 31 მარტს ქუთაისი - მილანის მიმართულებით დაგეგმილ რეისზე ბილეთის ფასი 180 ლარია; ქუთაისი - სალონიკის მიმართულებით 1 აპრილს დაგეგმილ რეისზე ბილეთი 130 ლარი ღირს; 1 აპრილს ქუთაისი - ვარშავას მიმართულებით ბილეთის ფასი - 140 ლარია; ქუთაისი - ვილნიუსის მიმართულებით ფრენა 2 აპრილს იქნება და ბილეთი ამ ეტაპზე 180 ლარი ღირს; ქუთაისი - ბერლინის მიმართულებით 31 მაისს დაგეგმილ რეისზე კი ბილეთის ფასი 160 ლარია.

ამასთან, როგორც ქუთაისის აეროპორტში აცხადებენ, ხვალ, 28 მარტს ქუთაისის აეროპორტიდან „ვიზეარის“ ფრენები 3- ქუთაისი-სალონიკის; ქუთაისი - ბუდაპეშტისა და ქუთაისი - ლარნაკას მიმართულებით განხორციელდება. მათივე ცნობით, სალონიკისა და ბუდაპეშტის მიმართულებით ხვალინდელ რეისებზე ბილეთები სრულად გაყიდულია.

ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის ხვალიდან, 28 მარტიდან შევა ძალაში. შედეგად, ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს ბიომეტრიული პასპორტი და ევროკავშირისკენ მოკლევადიანი ვიზიტით მიემართება, ამ ვიზიტის განხორციელება უვიზოდ შეეძლება. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ გადაადგილებას ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში შეძლებენ.