კახეთის გზატკეცილზე, „ავტოვაზის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ყავის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას კომპანია „კაფსულო“ გეგმავს.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ თბილისის მერიაში უთხრეს, პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმა უკვე დამტკიცებულია.
„ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმა გასული წლის 15 დეკემბერს დამტკიცდა. ამ გეგმაში „სტარბაქსი“ მითითებული არ არის და პროექტის ავტორი და განმცხადებელი შპს „კაფსულოა“. კომუნიკაციის პროცესში თავად კომპანიის მხრიდან ითქვა, რომ „სტარბაქსთან“ თანამშრომლობასთან დაკავშირებით გარკვეული გეგმები ჰქონდათ,“-აღნიშნავენ მერიაში.
ცნობისთვის, 2 დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყავახანების უმსხვილესი ქსელი Starbucks-ს თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ყავის ქარხნის მშენებლობას გეგმავს.
რაც შეეხება პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმას, განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ საპროექტო ტერიტორიის საერთო ფართობია 16 992 კვადრატული მეტრი. პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა იგეგმება, სადაც - კომერციული სივრცეები; საოფისე ფართები, რეკრეაციული ზონა - ფანჩატური, შადრევანი, დეკორატიული აუზი, სპორტული მოედანი (მაყურებელთა ტრიბუნებისა და მათი ინფრასტრუქტურის ან სხვა შენობების გარეშე) და ა.შ. მოეწყობა.
ცნობისთვის, პროექტის განსახორციელებლად აღნიშნული ტერიტორია შპს „კაფსულოს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 412 ათას ლარად 2016 წლის აგვისტოში გადასცა.
შპს „კაფსულო“ საჯარო რეესტრში 2016 წლის მარტში დარეგისტრირდა. რეესტრის მონაცემებით, საწარმოს 50-50%-იანი წილის მფლობელები სულიკო ვარსემაშვილი და სულიკო წულუკიძე არიან.
„სტარბაქსი“ მსოფლიოში ყველაზე დიდი ყავის ქსელია. ის სხვადასხვა სახეობის ყავას აწარმოებს. ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში „სტარბაქსი“ 24 ათას სავაჭრო წერტილს აერთიანებს.