უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის, - ამის შესახებ საგარეო სამეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, საქართველოს ევროპული გზა შეუქცევადია და მას უდიდესი პოზიტიური შედეგები მოაქვს ყველა სფეროში.
”განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის. საგარეო საქმეთა სამინისტრო, საზღვარგარეთ ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობები, 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რათა მათ მაქსიმალურად მიიღონ ის სარგებელი, რასაც ევროპაში უვიზოდ მოგზაურობა გვთავაზობს. შესაბამისი ინფორმაციის მისაღებად თქვენ შეგიძლიათ 24 საათიან რეჟიმში დარეკოთ ნომერზე - 2945050 ან ეწვიოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს და საკონსულოს ვებ-გვერდებს”, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.