საშემოსავლო გადასახადის დეკლარირებისა და გადახდის ვადა პირველ აპრილს იწურება, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის შესაბამისად, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1-ელ აპრილამდე, რეზიდენტი/არარეზიდენტი ფიზიკური პირები, რომელთა შემოსავალიც არ იბეგრება გადახდის წყაროსთან, საგადასახადო ორგანოს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციას წარუდგენენ.
„ამდენად თუ გადასახადის გადამხდელს, 2016 წლის განმავლობაში, რაიმე ფორმით, მიღებული აქვს შემოსავალი ან სარგებელი (მაგალითად: ქონების რეალიზაციიდან მიღებული ნამეტი, ქონების იჯარით/ქირით გაცემით მიღებული შემოსავალი, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, სახელოვნებო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, ქონების ჩუქებით მიღებული სარგებელი და სხვა), რომელიც არ იბეგრება გადახდის წყაროსთან, ეკუთვნის საშემოსავლო გადასახადის გადახდა. შესაბამისად, გადამხდელმა 2017 წლის 1-ელ აპრილამდე საგადასახადო ორგანოს უნდა წარუდგინოს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია და ამავე ვადაში გადაიხადოს კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი. საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციას, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1-ელ აპრილამდე, ასევე წარადგენენ საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების ანაზღაურებაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები და რეზიდენტი ფიზიკური პირები, რომლებიც თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებული საწარმოს მიერ გადახდილ ხელფასს იღებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ამასთან, დეკლარირების მიზნით, პირი რეგისტრირებული უნდა იყოს გადასახადის გადამხდელად.
„ასევე, სსკ-ის 93-ე მუხლის შესაბამისად, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები 2016 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციას წარადგენენ 2017 წლის 1-ელ აპრილამდე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, დეკლარაციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდიდან (www.rs.ge), რომლის მომხმარებლად რეგისტრაცია ან პაროლის აღდგენა შესაძლებელია განხორციელდეს შემოსავლების სამსახურის ნებისმიერი სერვისცენტრის ან საინფორმაციო სატელეფონო ცენტრის (2 299-299) დახმარებით.