მესაზღვრე კონტროლიორები ხვალიდან შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობამდე ყველა მოქალაქეს გაესაუბრებიან

მესაზღვრე კონტროლიორები ხვალიდან შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობამდე ყველა მოქალაქეს გაესაუბრებიან.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამის ბრძანებას მან ხელი უკვე მოაწერა.

”მე ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლითაც ჩვენს მესაზღვრე კონტროლიორებს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე 28 მარტიდან ოფიციალურად დაევალებათ, რომ დეტალურად გაესაუბრონ ყველა მოქალაქეს, რომლებიც იმ ევროპულ ქვეყნებში მიემგზავრებიან, სადაც უვიზო რეჟიმი ვრცელდება, გაუწიონ კონსულტაცია უვიზო მიმოსვლის პირობებთან დაკავშირებით და შეამოწმონ მათი სამგზავრო დოკუმენტების შესაბამისობა შენგენის მოთხოვნებთან. იმ შემთხვევაში, თუკი ამგვარი შემოწმებისას და გასაუბრებისას გამოვლინდება, რომ რომელიმე დოკუმენტი არ შეესაბამება შენგენის ზონაში საჭირო სტანდარტებს, მესაზღვრე კონტროლიორი მას გააფრთხილებს და მოსალოდნელ შედეგებსაც განუმარტავს. ეს არის დამატებითი ღონისძიება, რომელსაც შს სამინისტრო მიმართავს მოქალაქეთა მაქსიმალური ინფორმირებულობისთვის, რათა არ მოხდეს მოქალაქეთა მხრიდან უვიზო რეჟიმის პირობების დარღვევა”, - განაცხადა მღებრიშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, ბოლო 6 წლის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში შემოვიდა 7 300 განცხადება რეადმისიის თაობაზე და აქედან 95% დაკმაყოფილდა, რაც მღებრიშვილის შეფასებით, ევროკავშირის ქვეყნების სამართალდამცველებთან მჭიდრო თანამშრომლობაზე მეტყველებს.