ნარკოტიკული საშუალებების - მცენარე კანაფის კანონით დადგენილი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები, ხოლო მარიხუანას დიდი ოდენობა - იცვლება.
მთავრობის ინიციატივით, პარლამენტს “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი წარედგინა, რომლის მიხედვით, მცენარე კანაფის შემთხვევაში, დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად განისაზღვრება 140 გრამის, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა - 250 გრამის ნაცვლად, 1000 გრამის ოდენობით.
რაც შეეხება მარიხუანას, დიდი ოდენობა გამომშრალის შემთხვევაში, იქნება 70 გრამი (ნაცვლად 50 გრამისა), ნედლის შემთხვევაში - 140 გრამი (ნაცვლად 100 გრამისა).
აღნიშნული ნივთიერებების მცირე ოდენობები რჩება უცვლელი. ასევე არ იცვლება გამომშრალი და ნედლის მარიხუანას განსაკუთრებით დიდი ოდენობების მაჩვენებელი.
გარდა ამისა, ცვლილებები ხორციელდება შემდეგ კანონებში: - “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, “სისხლის სამართლის კოდექსში“, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და “არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა წესისა და პრობაციის შესახებ“ კანონში.
ყველა ეს საკანონმდებლო ინიციატივა ნარკოტიკულ საშუალებებთან - კანაფთან და მარიხუანასთან არის დაკავშირებული და თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარეობს.
კანონში შესატანი ცვლილებები იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა.