საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა

დღეიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა. ბიომეტრული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური, 90 დღის ვადით ისარგებლებენ.

უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას. გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის 2 წევრი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი და ირლანდია, რომლებთანაც სავიზო რეჟიმი შენარჩუნდება.

საქართველო-ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები ვიზალიბერალიზაციის საკითხზე 2012 წლის 4 ივნისს დაიწყო, 2013 წლის 25 თებერვალს კი, საქართველოს ხელისუფლებას სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადაეცა. აღნიშნული გეგმა შეიცავდა მოთხოვნებს, რომლებიც ქართულ მხარეს უვიზო რეჟიმის დაწესებისთვის უნდა შეესრულებინა. 2015 წლის დეკემბერში ევროკომისიამ დადებითად შეაფასა სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება და დადებითი რეკომენდაცია გამოაქვეყნა, ამის შემდეგ კი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომაც დადებითად გადაწყვიტეს.