რა პირობები უნდა დაიცვან საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონაში გადაადგილებისას

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შედეგად საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობა შენგენისა და ევროკავშირის წევრ 30 ქვეყანაში შეუძლიათ, გარდა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიისა.

ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრება დღეიდან ნებადართულია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, რომელიც ფლობს ბიომეტრიულ პასპორტს. მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს (გადაბმულად ან დღეების გადანაწილებით) ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში. მოკლევადიანი ვიზიტის მიზანი შესაძლოა იყოს სხვადასხვა: ტურიზმი, ოჯახის წევრების/ნათესავების/ახლობლების მონახულება, საქმიანი შეხვედრების გამართვა, საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობა, კულტურულ, სამეცნიერო ან სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა, ტრენინგებში, სასწავლო პროგრამებში მონაწილეობა ან სტაჟირება, სამედიცინო სერვისებით სარგებლობა და ა.შ. ნებისმიერი ასეთი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს.

უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ შეეხება ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში გრძელვადიან ვიზიტებს, მაგალითად, ხანგრძლივი სწავლის ან მუშაობის მიზნით.

90-დღიანი ვადის გადაცილების შემთხვევაში, ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად, ასეთი პირი გაძევებული იქნება ქვეყნიდან და აეკრძალება ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა გარკვეული პერიოდით (5 წლამდე ვადით).

გასათვალისწინებელია, რომ უვიზო მიმოსვლის პირობებში ნებისმიერი მოქალაქე გაივლის სასაზღვრო კონტროლს და საბოლოო გადაწყვეტილება შენგენის წევრ ქვეყანაში შესვლის თაობაზე მიღებულ იქნება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ. გამომდინარე აქედან, მიზანშეწონილია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თან იქონიონ ყველა ის დოკუმენტი, რომელიც მათი მოგზაურობის მიზნის დასადასტურებლად გამოდგება.

აღსანიშნავია, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისათვის და როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შეუქმნის მათ მოტივაციას ისარგებლონ საქართველოს პასპორტებით.

საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა განახლებული შეჩერების მექანიზმის ძალაში შესვლასთან ერთად, რომელიც ადგენს დამატებით კრიტერიუმებს უვიზო რეჟიმის შეჩერებისათვის, ამცირებს გადაწყვეტილების მიღების ვადებს და ამარტივებს პროცედურას.

დამატებითი დაცვის გარანტიების შექმნის აუცილებლობა განაპირობა ევროკავშირში შექმნილმა მიგრაციულმა კრიზისმა. ამ ვითარების გათვალისწინებით, დამატებითი რისკებისა და საფრთხეების თავიდან ასაცილებლად აუცილებელი გახდა მოქნილი ინსტრუმენტის შექმნა, რომელიც მესამე ქვეყნებიდან მიგრაციული ნაკადების მნიშვნელოვან შემთხვევაში დროული და ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება შემდეგ შემთხვევებში: შესაბამისი მესამე ქვეყნიდან 1) შენგენის ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი პირების რაოდენობისა და შენგენის ტერიტორიაზე შესვლაზე უარის თქმის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა; 2) თავშესაფრის მოთხოვნის დაუსაბუთებელი განცხადებების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა; 3) რეადმისიის (მიგრანტების უკან დაბრუნება) შეთანხმების არასათანადო შესრულება - რეადმისიის დაუკმაყოფილებელი მოთხოვნების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა; 4) ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საზოგადოებრივი და შიდა უსაფრთხოების კუთხით შექმნილი საფრთხე, რომელიც უკავშირდება მესამე ქვეყნის მოქალაქეებს.