ცოტა ხნის წინ თბილისში, ღამის ცხოვრების მოყვარულთათვის ახალი სტარტაპი night pizza შეიქმნა. მას, ვისაც გადატვირთული ცხოვრების რეჟიმი აქვს და გვიანობამდე მუშაობა უწევს, ან უბრალოდ ღამით გართობას ანიჭებს უპირატესობას, night pizza სხვადასხვა სახეობის, უნიკალური რეცეპტით დამზადებულ პიცას და კურიერის მომსახურებას სთავაზობს.
სტარტაპის იდეის ავტორები თორნიკე ჯიბუტი და ბექა მეფარიშვილი არიან. როგორც თორნიკე ჯიბუტი “ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, კომპანია საკმაოდ სწრაფად ვითარდება და დღეისთვის night pizza-ს კურიერები შეკვეთების მიტანას თითქმის მთელი თბილისის მასშტაბით ახერხებენ.
როდის იწყებს მუშაობას Night pizza და დაახლოებით, რა დრო სჭირდება შეკვეთის შესრულებას?
Night pizza მუშაობას საღამოს 9 საათიდან იწყებს. კურიერები მომხმარებლებს დილის 6 საათამდე ემსახურებიან. მიტანის სერვისი საკმაოდ სწრაფია. ყოველთვის ვუთითებთ 40 წუთს, ეს რა თქმა უნდა, თავის დაზღვევის მიზნით, ძირითადად კი ჩვენი მომსახურება გაცილებთ უფრო ოპერატიულია. დროის მონაკვეთი განისაზღვრება იმით, თუ რომელი უბნიდან შემოვიდა გამოძახება. მომხმარებელი მუდმივად საქმის კურსშია. მას კურიერი უკავშირდება და ატყობინებს თუ რა ეტაპზეა მისი შეკვეთა.
რამდენი სახის პიცა არის დღეისთვის თქვენს მენიუში და პიცის გარდა, კიდევ რა პროდუქტს სთავაზობთ მომხმარებლებს?
ამ ეტაპზე უკვე გვაქვს 15 სხვადასხვა სახეობის პიცა. მათ შორის, რა თქმა უნდა, არის სტანდარტული, ასევე ვეგეტარიანული. ჩვენი შეფმზარეულები შოკოლადის პიცასაც ამზადებენ, ბანანითა და ქოქოსის ფანტელებით. როცა პირველად გამოვჩნდით ბაზარზე, მხოლოდ შვიდი სახეობით შემოვიფარგლებოდით. თუმცა, თანდათან მენიუ უფრო მრავალფეროვანი გახდა.
ჯერჯერობით, მომხმარებლებს ჩვენთან პიცის და სასმელის შეკვეთა შეუძლიათ. თუმცა მალე სხვა პროდუქტებსაც დავამატებთ. პიცა სხვადასხვა რეცეპტით მზადდება. ზოგს იტალიური, ზოგს კიდევ ამერიკული პიცა მოსწონს. ვცდილობთ, მომხმარებლის გემოვნებას მაქსიმალურად მოვერგოთ. ღამის საათებში გემრიელად დანაყრების არჩევანი თბილისის მცხოვრებლებს საკმაოდ მწირი აქვთ, ამიტომ ჩვენ გვინდა, ამ მხრივ მათ მეტი კომფორტი შევუქმნათ.
ხომ არ გეგმავთ მსგავსი ტიპის მომსახურების სხვა ქალაქებში დანერგვასაც?
ჩვენს უახლოეს გეგმებშია თბილისის სრული ათვისება და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა, სხვა ქალაქებშიც ვაპირებთ მსგავსი მომსახურების შეთავაზებას. ახლო მომავალში ბათუმში შეძლებენ Night pizza-ის გამოძახებას. ამ ქალაქში, განსაკუთრებით ზღვის სეზონზე, უამრავი ადამიანი ღამის ცხოვრებით ცხოვრობს და შესაბამისად, გვინდა, მათთან ახლოსაც მივიდეთ.როგორია ფასები და როგორ შეუძლია მომხმარებელს Night pizza-ის გამოძახება?
ჩვენი პიცის საშუალო ფასი 20 ლარია. რაც შეეხება კურიერის მომსახურებას, განურჩევლად მისამართისა, 3 ლარი ღირს. Night pizza-ს გამოძახება შესაძლებელია, როგორც ონლაინ, საიტის მეშვეობით, ისე სატელეფონო ზარით ან ჩვენი ფეისბუქის გვერდის მეშვეობით.
სტარტაპის შექმნის იდეა და სირთულეები საწყის ეტაპზე...
Night pizza-ს, ჩვენი სტარტაპის შექმნის იდეა გაგვიჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ ღამე მსგავსი მომსახურება თითქმის არ არსებობდა და გვიან პიცის გამოძახება იყო ის, რაც თუნდაც ჩვენ ან ჩვენს მეგობრებს არაერთხელ გვინატრია. ასე, მარტივად გადავწყვიტეთ, რომ ცდად ღირდა და ვფიქრობ, მცდელობამ გაამართლა კიდეც. დღეისათვის უკვე 14 ადამიანი გვყავს დასაქმებული და მომავალში კიდევ უფრო გაფართოებას ვგეგმავთ.
სირთულეებს რაც შეეხება, დაწყება ყოველთვის ჭირს, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ გარკვეული, მცირე, თუნდაც არაფინანსური მხარდაჭერა სტარტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კარგია, რომ სახელმწიფო და კერძო სექტორი სტარტაპებს ამ მიმართულებით უჭერს მხარს. ეს ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაძლიერებს და ზოგადად ბიზნესგარემოს წახალისებასაც უწყობს ხელს.
#სტარტაპერი #გვეამაყები
ფოტოები: ADvan/ედვენი
ქრისტინე გამთენაძე