უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა არ შეჩერებულა და არანაირი საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი 2016 წელს გამოქვეყნებულ 4 წლიან სამოქმედო გეგმაშია გაწერილი.
”პირველი და ყველაზე მთავარი, რასაც მინდა ხაზი გავუსვა არის ის, რომ უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა არ შეჩერებულა და არანაირი საფრთხე არ ემუქრება. არა იმიტომ, რომ გუშინ, ან გუშინწინ ვინმემ გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით, არამედ იმიტომ, რომ 2016 წელს, როცა ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა დამტკიცდა, იქ არის გაწერილი ეს პროგრამა, რომელიც აუცილებლად განხორციელდება. ყველა ინსინუაცია, რომ პროგრამას რაიმე პრობლემა აქვს, ეს მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაგროვების სურვილია და მეტი არაფერი”, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, რომ არსებობს რისკი, რომ უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა შეჩერდეს. ”ნაცმოძრაობა” განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასკოლო სახელმძღვანელოების ირგვლივ არსებული პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდებს.