გამომცემლობების ნაწილი სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების საკითხზე განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებს.
როგორც გამომცემლობა ”არტანუჯის” ხელმძღვანელმა ბუბა კუდავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გამომცემლობის გადასაწყვეტია თავის შექმნილ წიგნს თავადვე დაბეჭდავს, თუ სხვას გადაცემს.
”ერთმა გამომცემლობამ თუ შექმნა მაღალი დონის სახელმძღვანელო, რომელსაც ირჩევს სკოლების 90% და მეორემ შექმნა სახელმძღვანელო, რომელსაც ირჩევს სკოლების 10%, თუკი ეს უკანასკნელი იქნება უფრო იაფი, სახელმწიფო შეისყიდის ნაკლებად ხარისხიან სახელმძღვანელოს, რომელიც პრაქტიკაში ცუდად იმუშავებს. სახელმძღვანელოს შექმნისა და განკარგვის, ანუ ბეჭდვის უფლება არის განუყოფელი. თუკი გამომცემლობა გადაწყვეტს, რომ მისი წიგნი უნდა დაბეჭდოს სხვამ, ეს მისი გადასაწყვეტია, შეიძლება ეს უფლება სხვას გადასცეს”, - განაცხადა ბუბა კუდავამ.
გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის, გვანცა ჯობავას განცხადებით კი, ტენდერში მონაწილეობას არ მიიღებენ, თუმცა ბრძოლას აგრძელებენ.
”ამ პირობებით არ გვსურს მონაწილეობა აღნიშნულ ტენდერში, თუმცა ჩვენ ბრძოლას არ ვწყვეტთ, ვაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ დავარწმუნოთ განათლების სამინისტრო ჩვენი პოზიციის სისწორეში”, - განაცხადა გვანცა ჯობავამ.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიას ინფორმაციით, სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების საკითხზე ტენდერი 31 მარტს გამოცხადდება. მინისტრის მოადგილის თქმით, ტენდერის გამოცხადების საკითხზე უწყების გადაწყვეტილება არ გადაიხედება. რაც შეეხება გრიფირებულ წიგნებს, მურღულიას განმარტებით, სამინისტრო იყიდის სახელმძღვანელოს, რომელიც მისთვის მისაღები იქნება და უწყება არც ამ გადაწყვეტილების გადახედვას გეგმავს.