ნავთობის ფასი გაიზარდა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი გაიზარდა, რაც დოლარის კურსის სისუსტემ, ლიბიაში ნავთობის მიწოდების შეფერხებამ და იმ გარემოებამ გამოიწვია, რომ ოპეკ-ის წევრი ქვეყნების ოფიციალური პირები, ნავთობის მოპოვების შემცირების პაქტის მოქმედების გაგრძელებას ემხრობიან. ფასის ზრდას აფერხებს აშშ-ში ფიქალური ნავთობის მოპოვების ზრდა და იმის მოლოდინი, რომ ამ ტიპის მოპოვება სულ უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს.

„ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასი 48 ცენტით გაიზარდა და ბარელზე 51.23 დოლარს მიაღწია. შეერთებულ შტატებში ნედლი ნავთობის ფასმა ასევე 48 ცენტით მოიმატა და ბარელზე 48.21 დოლარი შეადგინა.

ანალიტიკოსთა განცხადებით, ნავთობის ფასის ზრდა დოლარის სუსტმა კურსმა გამოიწვია, რასაც მოკლევადიან პერსპექტივაში, ასევე ტექნიკური ფაქტორი განაპირობებს. დოლარის სისუსტის პირობებში, ინვესტორები არარისკულ აქტივებს ეტანებიან, რომელთა შორისაც არის ნავთობი.

ამ დილით დოლარი ძირითადი ვალუტების კალათასთან მიმართებაში შედარებით გამყარდა, მაგრამ ამას მხოლოდ უმნიშვნელო ხასიათი ჰქონდა და ამერიკული ვალუტა კვლავ რჩება იმ დონეებზე, რომლებიც გასული წლის ნოემბრის შემდეგ „არ უნახავს“.

რაც შეეხება ლიბიაში მოპოვების შემცირებას, ქვეყანაში არსებულ სამხედრო დაპირისპირებათა გამო, ქვეყნის ორ მსხვილ მომპოვებელ პლატფორმაზე - „შარარასა“ და „ვაფაზე“ მოპოვება შეწყდა, რამაც ქვეყანაში ნავთობის მოპოვება თითქმის მესამედამდე შეამცირა. ამის პასუხად, „ბრენტისა“ და WTI-ის მარკის ნავთობის ფასები 20-20 პროცენტით გაიზარდა.

იმავდროულად, ირანის ნავთობის მინისტრმა ბიჯან ზანგანემ განაცხადა, რომ მოსალოდნელია ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანზაციის (OPEC) მიერ ნავთობის მოპოვების შემცირებაზე არსებული პაქტის მოქმედების გაგრძელება. ასევე გაიზარდა ნავთობზე გლობალური მოთხოვნა, რასაც სააქციო ბაზრის ზრდამ შეუწყო ხელი.

ამერიკაში ფიქალური ნავთობის მოპოვების ზრდა, როცა სხვა ფაქტორები ბრენტ-ის ნავთობზე სტაბილურ მოთხოვნას განაპირობებს, ამ ორი მარკის ნავთობზე ფასების სხვაობის გაზრდას იწვევს. ცნობისათვის, ეს სხვაობა ამჟამად ბოლო ორი წლის უმაღლეს ნიშნულზეა. ამის შედეგად, იზრდება მოთხოვნა უფრო იაფ, WTI ნავთობზე, რაც ბრენტ-ის ფასსაც დაბლა სწევს.