„2016 წელს სახელმწიფო შესყიდვების 30% უშედეგოდ დასრულდა“

2016 წელს შესყიდვების დაახლოებით მესამედი - 30% უშედეგოდ დასრულდა. ამის შესახებ, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაშია ნათქვამი.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, ორგანიზაცია დაინტერესდა, თუ როგორ ხდება სახელმწიფო უწყებების მიერ შესყიდვების დაგეგმვა, ორგანიზება, რამდენია უშედეგოდ დასრულებული შესყიდვების წილი მთლიან შესყიდვებში და ამ მიზნით შეწყვეტილი, არ შემდგარი და უარყოფითი შედეგით დასრულებული სახელმწიფო შესყიდვები მიმოიხილა.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის“ თანახმად, შესყიდვის შემდეგი სახეობები გამოიყოფა: ელექტრონული ტენდერი; გამარტივებული ელექტრონული ტენდერი; გამარტივებული შესყიდვა; კონსოლიდირებული ტენდერი და კონკურსი.

„უშედეგოდ დასრულებული შესყიდვებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კონკურსებია, სადაც 2016 წელს სულ გამოცხადებული კონკურსებიდან ნახევარზე მეტი - 51.2% უშედეგოდ დამთავრდა. მთლიანად, ყველა სახის შესყიდვას თუ ერთად გავაანალიზებთ, 2016 წელს შესყიდვების დაახლოებით მესამედი - 30% უშედეგოდ დასრულდა.

„უშედეგოდ დასრულებული შესყიდვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ თავდაცვის სამინისტროს - 41.23%, აღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს - 36.76% და სს „საქართველოს რკინიგზას’’- 36.18%. აღნიშნული მაჩვენებლები არის მნიშვნელოვნად დიდი, რაც შესყიდვების ორგანიზებაში არსებულ მნიშვნელოვან ხარვეზებზე და რესურსების არაეფექტიან ხარჯვაზე მიუთითებს,“-აღნიშნულია კვლევაში.

კვლევის თანახმად, 2016 წელს მსხვილი შემსყიდველი საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან უშედეგოდ დასრულებული შესყიდვების 10 ყველაზე მაღალი პროცენტული წილით მთლიან შესყიდვებში გამოირჩევიან: 1) თავდაცვის სამინისტრო - 41.23% 2) სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო - 36.76% 3) სს ,,საქართველოს რკინიგზა" – 36.18% 4) კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო - 32% 5) შინაგან საქმეთა სამინისტრო - 31.59% 6) განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 29.70% 7) რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი - 29.49% 8) იუსტიციის სამინისტრო - 28% 9) შემოსავლების სამსახური - 28% 10) თბილისის სატრანსპორტო კომპანია - 27%.