„ბლექ სი არენა“ Gem-Fest-ის ფარგლებში მოწვეულ არტისტებს ჯამში 741 360 ევროს გადაუხდის. აღნიშნულის შესახებ ხელშეკრულება შპს „ბლექ სი არენასა“ და სლოვენიურ კომპანია Pet Plus doo-ს შორის მიმდინარე წლის 20 მარტს გაფორმდა.
როგორც ხელშეკრულებაშია ნათქვამი, ეს თანხა ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს მოიცავს და გაზრდას არ ექვემდებარება.
ხელშეკრულების თანახმად, Gem-Fest-ში მონაწილეობას 10 შემსრულებელი - Dubfire; Carlo Lio; Martin Garrix; Dennis Ferrer; Sander Van Doorn; Roger Sanchez; Solomun; Axrvell & Inqrosso; Sunnery |ames & Ryan Marciano (SI&RM) და Paul Kalkbrenner მიიღებს.
ამათგან ყველაზე მაღალანაზღაურებადი დიჯეი - ნიდერლანდელი Martin Garrix-ია, რომელიც საათნახევრიანი პროგრამით მსმენელის წინაშე 21 ივლისს წარსდგება. მისი ანაზღაურება კი 227 660 ევროა.
Gem-Fest-ი პროექტ CHECK IN GEORGIA-ს ფარგლებში მიმდინარე წლის 14 ივლისიდან 14 აგვისტოს პერიოდში, ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონის ბულვარში მდებარე საფესტივალო ტერიტორიაზე გაიმართება.