„ტესლას“ დამაარსებელმა ილონ მასკმა ახალი კომპანია ჩამოაყალიბა, რომელიც ადამიანის ტვინის მსგავსად მომუშავე კომპიუტერული სისტემის (ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისი - BCI) შექმნას და სამედიცინო დანიშნულებით გამოყენებას ისახავს მიზნად. მასკის ახალ კომპანიას, რომელსაც „ნევრალინკი“ უწოდა, ჯერჯერობით მხოლოდ ლოგო და ელექტრონული ფოსტა აქვს, რომელსაც პოტენციური თანამშრომლების მოსაზიდად გამოიყენებს.
ახალი სისტემის დახმარებით, ადამიანი შეძლებს ისეთ დაავადებათა მკურნალობას, როგორიცაა ეპილეფსია. უფრო შორეულ მომავალში კი „ნევრალინკი“ ხელოვნური ინტელექტის შემუშავებაში მიიღებს მონაწილეობას. ამ უკანასკნელს კი ფართო გამოყენება ექნება და საბოლოოდ, კაცობრიობას ალბათ რობოტი-ჰუმანოიდების შექმნამდე მიიყვანს.
ცნობილია, რომ მასკი უკვე მუშაობს ეგრეთ წოდებული „ნეირონული მაქმანის“ შესაქმნელად, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება ადამიანის ტვინის მანქანებთან უშუალოდ დაკავშირება. მისი მიზანია იმ დაგვიანებული რეაქციის დროის შემცირება, რაც კომპიუტერის კლავიატურის, სენსორული ეკრანის და ხმოვანი სისტემებისთვის არის დამახასიათებელი. მისი მიზანია, რომ მათი რეაქცია აზროვნების სისწრაფის შესაბამისი იყოს.
მასკის ახალი კომპანიის მიზნები, ბევრს ალბათ ფილმ „ტერმინატორის“ „სკაინეტს“ გაახსენებს, თუმცა როგორც „უოლ სტირ ჯორნალი“ აღნიშნავს, მასკის „ნევრალინკი“ პირველ რიგში, სხვადასხვა მძიმე დაავადებათა მკურნალობისთვის იმუშავებს, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული ადამიანის ტვინის ფუნქციების მოშლასთან.
იმავდროულად, მასკი არ მალავს, რომ ხელოვნური ინტელექტის შემუშავება, სერიოზული რისკების შემცველია. თუმცა ისიც გაცნობიერებული აქვს, რომ კაცობრიობა ამ მიმართულებით განვითარებას ვერ ასცდება. ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მასკი არაკომერციულ მოძრაობა „ოუპენ AI“ განავითარებს, რომლის მიზანიც ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოება იქნება.