ისრაელიდან საქართველოში დღეს საქართველოს 13 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდება. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, საქართველოს მოქალაქეებს უკვე შეხვდა ისრაელში საქართველოს კონსული ალექსანდრე ჯიშკარიანი და გაესაუბრა.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ნორმალურ პირობებში არიან, აქვთ საკვები და სასმელი წყალი. მათი დეპორტაცია დღეს გვიან მოხდება.
”იმედს” დღეს საქართველოს მოქალაქე მაკა ზურაბაშვილმა მიმართა, რომელიც წერს, რომ ისრაელში 27 მარტს, 9:30 საათზე ჩავიდნენ.
”მოსალოცად ვართ ჩამოსულები და თუ ვინმე ქართველი იყო თვითმფრინავში, ყველა ვართ რაღაც ოთახში, სადაც ძაღლებსაც კი არ შეყრიან. გაუსაძლისი მდგომარეობაა, ჩვენს შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები. იქნება მოგვხედოთ და გაგვარკვიონ, როდემდე უნდა ვიყოთ აქ ან რატომ არ გვიშვებენ წმინდა მიწაზე მოსალოცად”, - წერს მაკა ზურაბაშვილი.