სენაკში მერვე კლასის მოსწავლეებმა მეწყერის პროგნოზირების ხელსაწყო გამოიგონეს.
Smart Kids, რომლის წევრებიც სენაკის წმ. ალექსი შუშანიას სახელობის სენაკის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები - ალექსი ტყებუჩავა, ნათია შამათავა, დეა ჩიტაია, ლიკა კოკაია და გვანცა ჩიქოვანი არიან, 27 თებერვალს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის (Millennium Innovations Award – MIA) გამარჯვებულები გახდნენ.
Smart Kids-ის გამოგონება მეწყერსაშიშ ზონებში სტიქიის, მსხვერპლისა და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.
”ბიზნესპრესნიუსი” გამოგონების ერთ-ერთ ავტორს ლიკა კოკაიას ესაუბრა, რომელმაც პროექტის ,,გეოლოგიური საფრთხეები” და მისი უპირატესობების შესახებ ისაუბრა.
,,ჩვენი პროექტის ,,გეოლოგიური საფრთხეები” მიზანია, წინასწარ განვსაზღვროთ მეწყერის მოახლოების საშიშროება და მივიღოთ შესაბამისი ზომები მისი თავიდან ასაცილებლად. ეს ხელსაწყო არის შეტყობინების სისტემა. გამოყენებული გვაქვს ჰოლის სენსორი, რომელიც მაგნიტური ველის ინტენსივობის ცვლილებას გვიჩვენებს. როდესაც მიწაში შეინიშნება რხევები, პუნქტუაციები, ჩვენი ხელსაწყო სენსორის საშუალებით გრძნობს ამას და შეტყობინებას დარეგისტრირებულ მოსახლეობასთან აგზავნის. ჩვენი პროექტის უპირატესობა ის არის, რომ მას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს, მისი შექმნა სხვა ხელსაწყოებთან შედარებით გაცილებით იაფი ჯდება, იგი ერგება ყველანაირ რელიეფს, გამოირჩევა სიზუსტით, საიმედოობით და მისი დამზადება, წარმოება და დანერგვა შესაძლებელია საქართველოში”, - ამბობს ლიკა კოკაია.
მოსწავლეები ინოვაციური ხელსაწყოს შექმნაზე მენტორთან უტა კილასონიასთან ერთად თითქმის 2 თვის მანძილზე მუშაობდნენ. უტა კილასონიამ ”ბიზნესპრესნიუსთან” ხელსაწყოს შექნის სირთულეებზე, დასაზუსტებელ დეტალებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„ხელსაწყოს შექმნის დროს გვქონდა გარკვეული სირთულეები, მაკეტის დამზადებაში სიზუტე იყო დასაცავი, ასევე პროგრამული ნაწილიც ცოტა რთული სამუშაო იყო. ახლა გეოლოგებთან უნდა გავიაროთ კონსულტაციები, რათა განვსაზღვროთ შეტყობინების მიღების დრო, რომელიც დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის დაიწყება პუნქტუაციები მიწაში. ასევე დასაყენებელია მიწაში რხევების ზღვარი. მეწყერის პროგნოზირების ინოვაციური ხელსაწყოს შექმნა, რომელსაც ანალოგი არ აქვს, 10 000 ლარი დაჯდება, მაშინ როდესაც სხვა ხელსაწყოები მილიონები ჯდება. მას შემდეგ, რაც ხელსაწყოს დავაპატენტებთ, თუ მოთხოვნა იქნება, ჩვენ თვითონაც შევძლებთ მის დამზადებას”, - ამბობს უტა კილასონია.
მისივე თქმით, პროექტისთვის ინოვაციების განვითარების ცენტრმა 5 000 ლარი გამოყო. ნებართვის შემთხვევაში, ხელსაწყო უახლოეს მომავალში ნოქალაქევის ტერიტორიაზე განთავსდება, თუ არა, სხვა მეწყერსაშიში ზონა შეირჩევა.
მოსწავლეებს მეწყერის პროგნოზირების ხელსაწყოს შექმნის იდეა მას შემდეგ მოუვიდათ, რაც 2016 წლის აგვისტოში მოვარდნილმა წყალდიდობამ და ღვარცოფმა სენაკს დიდი ზარალი მიაყენა და წმ. ალექსი შუშანიას სახელობის სენაკის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მისასვლელი საავტომობილო გზა და ხიდი ჩაანგრია.
ინოვაციური ხელსაწყოს შემქმნელები, რომლებმაც ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გაიმარჯვეს, აპრილის ბოლოს ჰიუსტონში, NASA-ში მიემგზავრებიან, სადაც ერთკვირიან სწავლებას გავლიან. ამ ეტაპზე Smart Kids ახალ პროექტზე მუშაობს, რომლის დეტალებსაც ჯერჯერობით არ ახმოვანებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ახალი ხელსაწყოს შესაქმნელად ფინანსური დახმარება და ახალი ქეისები სჭირდებათ.