შევარდნაძის ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსანის, ყოფილი შს მინისტრის, პარლამენტის დეპუტატის კობა ნარჩემაშვილის შემოსავალი 2016 წლის 18 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 5 108.14 ლარი იყო. ნარჩემაშვილი მე-9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი „ქართული ოცნების“ რიგებიდან გახდა.
ნარჩემაშვილი ერთ-ერთია, რომელიც მონიტორინგის ცენტრის „მედიატორის“ მიერ გამოვლენილ მილიონერ დეპუტატებს შორის მოხვდა. „მედიატორის“ კვლევის თანახმად, ნარჩემაშვილის უძრავ-მოძრავი ქონება 7 672 000 ლარად შეფასდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ქონებას ფლობს დეპუტატი. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს 30 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, უძრავ-მოძრავი ქონების ძირითადი ნაწილი მისი ვაჟის სახელზეა რეგისტრირებული.
რაც შეეხება თავად კობა ნარჩემაშვილს, დეკლარაციის მიხედვით, ის ფლობს თბილისში, დიღომში მდებარე 120 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს და იმავე ტერიტორიაზე მდებარე 1 009 კვ. მეტრი ფართობის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს.
დეკლარაციის შევსების მომენტში, ნარჩემაშვილს „თი-ბი-სი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 2 602.14 ლარი; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 122 ათასი დოლარი და 35 ათასი ლარი ჰქონდა.
დეპუტატს მეუღლე სოფიო ნარჩემაშვილი და შვილები, ვლადიმერ და ნინო ნარჩემაშვილები ჰყავს. დეკლარაციის მიხედვით, მისი მეუღლე ფლობს 139.50 კვადრატული მეტრი ფართობის არასაცხოვრებელ ფართს თბილისში; მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი Subaru impreza. დეკლარაციის შევსების მომენტში სოფიო ნარჩემაშვილს ნაღდი ფულადი თანხის სახით, 17 ათასი დოლარი, 11 500 ლარი და 3 700 ევრო ჰქონდა.
ნარჩემაშვილის შვილის - ვლადიმერ ნარჩემაშვილის მფლობელობაშია 126 კვადრატული მეტრი ფართობის კომერციული ფართი თბილისში, პეკინის გამზირზე; 350 კვ. მეტრის საცხოვრებელი სახლი თბილისში; იმავე მისამართზე მდებარე 492 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი; ასევე 600 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი დიღომში.
მასვე ეკუთვნის 30 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში; იმავე მისამართზე მდებარე ჯამში 241 კვადრატული მეტრი ფართობის არასაცხოვრებელი ფართი; 300 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლი დიღომში და იმავე მისამართზე მდებარე 700 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი.
დეპუტატ კობა ნარჩემაშვილის ვაჟი ვლადიმერ ნარჩემაშვილი ფლობს ასევე 601 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს ბაკურიანში და იმავე მისამართზე მდებარე 165.30 კვ. მეტრის საცხოვრებელ სახლს.
მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი Toyota camry-ი; Nissan pathfinder-ი; სპეციალიზებული ავტომანქანა - Steyr-Puch Pinzgauer-ი. დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდი ფულადი თანხის სახით ვლადიმერ ნარჩემაშვილს 3 400 დოლარი და 7 500 ლარი ჰქონდა.
ვლადიმერ ნარჩემაშვილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „უნივერსალ პლიუსის“ 100%-იანი წილის მმართველია. დეკლარაციის მიხედვით, ორგანიზაციის საქმიანობით მიღებული შემოსავალი 2016 წელს 1 725 ლარი იყო.