ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ესაჭიროება დეტალური მსჯელობა, შესაბამისად, დღეს ვერანაირი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ მექნება , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების იმ განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, 7 ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმება იგეგმება.
კობახიძის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ზოგადი მსჯელობა მიმდინარეობს, თუმცა ზემოაღნიშნული განცხადება არ უნახავს და დეტალურად ვერ ისაუბრებს.
„ამასთან დაკავშირებით საჭიროა ძალიან დეტალური მსჯელობა. თავის დროზე გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღებოდა ნაჩქარევად. როცა საქმე ეხება ადგილობრივ თვითმმართველობას, ძალიან მნიშვნელოვანია ფრთხილი მიდგომა. დეტალური მსჯელობის საფუძველზე უნდა განისაზღვროს ამა თუ იმ გადაწყვეტილების პლუსები და მინუსები, მათ შორის ეკონომიკური ეფექტი, სოციალური ეფექტი და ა.შ. ამის საფუძველზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. შესაბამისად, დღეს ვერანაირი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ვერ მექნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს მიმართავენ. 120 ორგანიზაციის სახელით გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც თვითმმართველობის რეფორმის, ისე, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის. მათივე შეფასებით, ყოვლად დაუშვებელია 2014 წლის შემდეგ შექმნილი თვითმმართველი ერთეულების გაუქმება. მიმართვის ავტორები მოუწოდებენ ხელისუფლებას, მკაფიოდ ჩამოაყალიბოს პოზიცია და არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ”განვითარების დაწყებულ პროცესს შეაჩერებს”. მათივე განმარტებით, საუბარია ზუგდიდისთვის, ოზურგეთისთვის, გორისთვის, თელავისთვის, ახალციხისთვის, მცხეთისა და ამბროლაურისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევაზე.