ევროკავშირმა ლონდონის საფონდო ბირჟის გერმანულ საფონდო ბირჟასთან შერწყმა დაბლოკა

ევროკავშირის მარეგულირებელმა  ლონდონის საფონდო ბირჟის გერმანიის Deutsche Boerse-ის საფონდო ბირჟასთან შერწყმა დაბლოკა.

"ბიბისის" ინფორმაციით, გაერთიანების ღირებულება 21 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

ევროკომისიის განცხადებით, გარკვეული ფინანსური მომსახურებებისთვის გარიგების შედეგად „დე ფაქტო მონოპოლია“ შეიქმნებოდა.

შერწყმის შედეგად ევროპის ორი უმსხვილესი საფონდო ბირჟის გაერთიანება მოხდებოდა.

ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფი სინანულს გამოთქვამს ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მათი განცხადებით, აღნიშნული გარიგება ფინანსური ბაზრების მსოფლიოში წამყვან ფირმას შექმნიდა.

როგორც კონკურენტუნარიანობის სფეროში ევროკომისარმა მარგრეტ ვესტაგერმა განაცხადა, ევროპული ეკონომიკა კარგად ფუნქციონირებად ფინანსურ ბაზრებზეა დამოკიდებული.

„ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბანკებისთვის და სხვა ფინანსური ინსტიტუტებისთვის. მთლიანად ეკონომიკა სარგებელს ხედავს მაშინ, როდესაც ბიზნესს ფულის მოზიდვა შეუძლია კონკურენტუნარიან ფინანსურ ბაზრებზე“, - განაცხადა მან.