როგორ უნდა იშოვოთ პირველი მილიარდი - 10 რჩევა დონალდ ტრამპის წიგნიდან

აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ყავს. ქვეყნის 45-ე პრეზიდენტი ცნობილი ბიზნეს-მაგნატი, ინვესტორი და რეალითი შოუს ვარსკვლავი დონალდ ტრამპია. 70 წლის ტრამპის ბიზნეს-ბიოგრაფია საკმაოდ ვრცელია. ის 2016 წლის მონაცემებით Forbes-ის სიაში 156-ე ადგილს იკავებს 3.7 მილიარდი დოლარით.

თავის წიგნში "ტრამპი: როგორ გავმდიდრდეთ", რომელიც 2004 წელსაა გამოცემული, აწ უკვე აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დამწყებ და შემდგარ ბიზნესმენებს ბიზნესის საიდუმლოებებს უმხელს. მაგნატი წიგნში მომავალ მეწარმეებს აძლევს რჩევებს, თუ როგორ გამოიმუშაონ პირველი მილიარდი:

1. ყოველთვის ჩაიცვით თქვენი კულტურული დონის შესაბამისად

ოდესღაც ვამაყობდი იმით, რომ უბრალო კოსტიუმებსა და სხვა ტანსაცმელს ვყიდულობდი. არავითარი აზრი არ ჰქონდა, ათასობით დოლარი გადამეხადა, თუ შეიძლებოდა 100-დოლარიანი ნივთების ყიდვა. ვინ გაიგებდა? მაგრამ წლებთან ერთად მივხვდი, რომ მართალი არ ვიყავი. ახლა ძალიან ხარისხიან ფეხსაცმელს ვყიდულობ და ის თითქოს სამარადისოა, როცა იაფფასიანი, როგორც მახსოვს, მალე ცვდებოდა და სწორედ იმდენად გამოიყურებოდა, რამდენიც მასში მქონდა გადახდილი. ტანსაცმელი ბევრ რამეს ამბობს ჩვენზე მანამდე, სანამ პირს გავაღებთ.

2. განგებ გაიფუჭეთ რეპუტაცია

საგულდაგულოდ შერჩეული წვრილ-წვრილი ინფორმაცია გაეცით, კარგად მოფიქრებული პროვოკაციული მოსაზრებები გამოთქვით, რათა ნახოთ, როგორი იქნება რეაქცია. რაღაც მოულოდნელს რომ იტყვით, საკმაოდ დიდ შედეგს მიიღებთ. აღმაშფოთებელი შენიშვნა შემეძლო გამეკეთებინა თათბირზე, რათა მენახა, სხვა მონაწილეები დამეთანხმებოდნენ თუ შემეწინააღმდეგებოდნენ. ეს კარგი საშუალებაა მათ შესაფასებლად, ვინც გვერდით მოგყვება.

3. საკუთარი თავის ფინანსური კონსულტანტი გახდი

ბევრი ადამიანი ფინანსურ კონსულტანტს ქირაობს, მაგრამ არაერთხელ მინახავს, კონსულტანტებს რამდენჯერ მიუყვანიათ კრახამდე საქმე. მრჩევლის არჩევისას საკუთარ დასკვნებს ენდეთ, რომლებიც პატივსაცემი გამოცემების ბიზნესგვერდებზე წაკითხულის საფუძველზე გაქვთ გაკეთებული. მათი წაკითხვისას ხვდებით, რა ხდება ბაზარზე, მათ შორის, რომელი კონსულტანტები არიან უკეთესები. გამარჯვებულებს ენდეთ.

4. ხურდა დაუბრუნეთ

თუ თქვენზე ზეწოლას ახდენენ, იმავეთი უპასუხეთ. თუ შეურაცხგყოფენ, მთელი თქვენი ძალითა და ენერგიით დაესხით თავს. თვალი თვალისა წილ! არ ენდოთ ყველას. მე ვიცი, ასეთ დროს ადამიანი არც ისე კარგი ჩანს ხოლმე, მაგრამ საუკეთესო მეგობარიც შეიძლება დაფეთდეს თქვენს ცოლზე ან თქვენს ფულზე.

5. დალაქთა ხელოვნება არ უგულებელყოთ

ხშირად მაკრიტიკებენ იმის გამო, თუ როგორ ვივარცხნი თმას. ჩემს ვარცხნილობას ერთხელ უწოდეს "რთული აღჭურვილობა, რომელიც არქიტექტურის კრიტიკოსების სამსჯელო უფროა". ჩემი აზრით, ის მშვენივრად გამოიყურება, მაგრამ არასდროს ვამტკიცებ, რომ ვარცხნილობა ჩემი ყველაზე ძლიერი მხარეა. თუმცა ყოველთვის მაკვირვებს, რა ხშირად მეკითხებიან, პარიკს ხომ არ ვატარებ. პასუხი: კატეგორიულად არა. პარიკს არ ვატარებ.

6. ეცადეთ, ხელის ჩამორთმევას მოერიდოთ

ზოგიერთ ადმინისტრატორს მყარი ხელის ჩამორთმევის სჯერა. მე კი ამის არ მჯერა. ხშირად ვაწყდები შემთხვევას, როცა ადამიანი, რომელიც აშკარად გაციებულია, მოდის ჩემთან და მეუბნება: "ბატონო ტრამპ, მინდა ხელი ჩამოგართვათ". ცნობილია, რომ სწორედ ამ გზით გადადის მიკრობები. იყო შემთხვევა, როცა ადამიანი ტუალეტიდან გამოვიდა და ჯერ კიდევ სველი ხელებიდან წყლის წვეთებს ხელების ქნევით იშორებდა. მერე ჩემს მაგიდასთან მოვიდა და მითხრა: "ბატონო ტრამპ, დიდებული ადამიანი ხართ. შეიძლება, ხელი ჩამოგართვათ?"

7. თქვენს ინსტინქტებს დაემორჩილეთ

მეწარმეობა ჯგუფური საქმიანობა არ არის. საკუთარ თავს უნდა ენდოთ. შეიძლება სოლიდური აკადემიური დიპლომები გქონდეთ, მაგრამ ინსტინქტების გარეშე ვერ შეძლებთ ზევით ასვლას და იქ თავის დამკვიდრებას. ეს ერთ-ერთი ის ნაცრისფერი ზონაა, რომელიც გამოცანად რჩება მათთვისაც კი, ვინც დახვეწილ საქმიან ინსტინქტს ფლობს. არის ისეთი ნიშნები, რომლებმაც შეიძლება სიგნალი მოგცეთ, დადოთ თუ არა ესა თუ ის გარიგება, შეხვიდეთ თუ არა კონტაქტში ამა თუ იმ ადამიანთან.

8. შეინარჩუნეთ ოპტიმიზმი, მაგრამ წარუმატებლობისთვისაც მზად იყავით

არის აღმაფრენები და ძირს დაცემები, მაგრამ მათი გადატანა შეგიძლიათ, თუ მზად შეხვდებით. პრობლემების მოლოდინის უნარმა მიშველა, ენერგია არაგონივრულად არ დამეხარჯა და თქვენც დაგიცავთ უსიამოვნო სიურპრიზებისგან. აღმაფრენა და ძირს დაცემა გარდაუვალია.

ძალიან ფრთხილი ადამიანი ვარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პესიმისტი ვარ. უწოდეთ ამას პოზიტიური აზროვნება რეალურობის შენარჩუნებით.

9. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს

თუ არ იცით ყველა ასპექტი იმისა, რასაც აკეთებთ, უსიამოვნო სიურპრიზებისთვის სწირავთ თავს. ოდესღაც ვკითხულობდი პატივცემულ ნეიროქირურგზე, რომელიც ფანატიკურად იყო შეპყრობილი წვრილმანებით და ოპერაციის ორგანიზებით. ოპერაციისთვის წინ დილით დარბოდა. ფიქრებში წარმოიდგენდა ყველა დეტალს, იხსენებდა ყველაფერს, რაც იცოდა, ყველა სირთულეს, გართულებებს, რომელიც შეიძლებოდა შეხვედროდა. მაგრამ დეტალებს რომ მიაქციოთ ყურადღება, აუცილებელი არ არის, ნეიროქირურგი იყოთ.

10. გააფორმეთ საქორწინო კონტრაქტები

მე რომ საქორწინო კონტრაქტი არ მქონოდა, ამ წიგნს დაწერდა ადამიანი, რომელმაც ბევრი რამ დაკარგა. ივონას ადვოკატები რომ სასამართლოში მიმეყვანა (ტრამპი პირველ ცოლს გაშორდა და მასზე ბევრად უმცროსი ქალი მოიყვანა ცოლად - მთარგმ.), ავტობუსი დამჭირდა, მაგრამ, საბედნიეროდ, საქორწინო კონტრაქტი მქონდა. მეგობარმა, რომელიც მეხუთედ აპირებდა დაქორწინებას, მითხრა: "ისე ვარ შეყვარებული, არ მჭირდება საქორწინო კონტრაქტი". ერთ წელიწადში ქორწინება დაირღვა და მას ჯოჯოხეთის გამოვლა მოუხდა.

ჟურნალ "რეიტინგის" არქივიდან

წყარო ambebi.ge