ინფლაციის დონემ 3,5% შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ 3,5 %-ს მიაღწია.

ინფლაციის მაჩვენებელის ფორმირებაში ყველაზე დიდი როლი (1,73%-ით) სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში შემავალი პროდუქტების 5,7%-იანმა გაძვირებამ განაპირობა.

მნიშვნელოვნად მოიმატა ფასებმა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (46,6% -ით). რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფში (4,2 % -ით) და თევზეულზე (2,9 % -ით). ამასთან, ფასები შემცირდა ზეთსა და ცხიმზე (4,2 % -ით) და ხილზე (3,2% -ით).

საცხოვრებელის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის ჯგუფში ფასები 9,3%-ით გაიზარდა, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში კი - 7,7%-ით.

ფასების 5%-იანი მატება დაფიქსირდა სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების მომსახურებაში, 3,9%-იანი კი - ჯანდაცვაში. სამაგიეროდ, 3,7%-ით გაიაფდა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

რაც შეეხება თვიურ ინფლაციას, მისმა მაჩვენებელმა 0,2% შეადგინა. იანვართან შედარებით ყველაზე მეტად, 1,7%-ით გაძვირდა ჯანდაცვა და სასტუმროსა და კაფე-რესტორნების მომსახურება. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი კი 1,5%-ით გაიაფდა.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის მიერ დასახული წლიური მიზნობრივი ინფლაციის დონე 2014 წელს 6%-ით განისაზღვრა.