ლისის ტბის მიმდებარედ ქართულ-ფრანგული ღვინის ტექნოლოგიების სამეცნიერო-სასწავლო კვლევითი ცენტრის მშენებლობა დაახლოებით, 3 თვეში დასრულდება.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, კომპანია „ზეარისის“ დირექტორმა რამაზ კრიჭინაშვილმა განუცხადა, პროექტი ქართულ-ამერიკული ინვესტიციით ხორციელდება.
საუბარია 5 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის, 4 სართულიან ნაგებობაზე, რომელიც არქიტექტურული თვალსაზრისით დადიანების სასახლეს არის მიმსგავსებული.
„ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები დაახლოებით 10 დღეა მიმდინარეობს. ცენტრს რამდენიმე ფუნქცია ექნება. ერთ-ერთი ღვინისა და ყურძნის ჯიშების კვლევითი მიმართულებაა; ასევე გვექნება ღვინის მარანი, იგეგმება სასტუმროს მშენებლობაც. გარდა ამისა, გადაწყვეტილი გვაქვს გოგირდის წყლის პოპულარიზაციის მიზნით გოგირდის წყლის აუზის გაკეთებაც,“- აღნიშნავს კრიჭინაშვილი.
მისივე თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ 100-150 ადამიანის დასაქმება იქნება შესაძლებელი.
როგორც კრიჭინაშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, კომპანია „ზეარისთან“ ერთად, პროექტის ავტორი ამერიკელი ინვესტორი ლეონიდ შუსტერია. მათთან ერთად პროექტის განხორციელებაში კიდევ ერთი ქართული კომპანია „ჰეფინ ჰაუზი“ მონაწილეობს.