სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან რაზმაძე სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენებს - სადაზღვევო და საპენსიო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.
ლევან რაზმაძემ ბიზნესის წარმომადგენლებს სიახლე გააცნო, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მედიატორის როლს შეიძენს. უფრო კონკრეტულად, ლევან რაზმაძის განმარტებით, არსებული, თვეში ორჯერ დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი ახალ სამუშაო ფორმატში გადადის, რომლის მიხედვითაც, წინასწარ დაიგეგმება კომუნიკაცია ბიზნესის იმ წარმომადგენლებს შორის, რომლებსაც რაიმე სახის უკმაყოფილება ექნებათ.
„შეხვედრები ისევ გაგრძელდება, მაგრამ შეიცვლება ფორმატი. წინასწარ იქნება კომუნიკაცია იმ ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომლებიც შემოიტანენ წინადადებებს - ტენდერის მიმდინარეობით ან ტენდერის ჩატარებით იქნებიან უკმაყოფილონი, ჩვენ განვიხილავთ წინასწარ ამ ქეისებს. აქ გაიმართება უშუალო გასაუბრება და გადაწყვეტილების მიღება მოხდება კონკრეტულ ორ სუბიექტს შორის. ამ შემთხვევაში სააგენტო უკვე მედიატორის როლს ითამაშებს. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და საქმიანი ფორმატი იქნება“, - განაცხადა ლევან რაზმაძემ.
დღევანდელ შეხვედრაზე კი, ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს უშუალოდ მიაწოდეს ინფორმაცია პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ.
„ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გვაქვს აპელირება. კერძოდ, აღსანიშნავია, უპირობობა სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებაში - თითქმის გამორიცხულია ამ ხელშეკრულებებში რაიმე ცვლილებების განხორციელება. სამწუხაროდ, როგორც წესი, შემსყიდველი უარს ამბობს ცვლილებების განხორციელებაზე და ეს ცალსახად მეტყველებს იმას, რომ მიმწოდებელი სათანადოდ ვერ იცავს მის უფლებას, ვინაიდან შეჯიბრებითობის პრინციპი ნაკლებად დაცულია - როგორც წესი დარღვეულია“, - განაცხადა სადაზღვევო კომპანია „არდის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ნინო ლიპარტიამ.
სააგენტო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების წინადადებებსა და მოსაზრებებს გააანალიზებს და ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს.
შემდეგი შეხვედრა 12 აპრილს ჩატარდება და მიწვეულები იქნებიან გასანათებელი მოწყობილობებისა და ელექტრონათურების მიმწოდებლები.