Global TV-ში ტარიფის გაძვირებას ორწლიანი აქციის დასრულებით ხსნიან

სატელიტური ტელევიზია Global TV-ის მომსახურებისათვის აბონენტებს 18 ლარის ნაცვლად 36 ლარის გადახდა მოუწევთ.

კომპანიაში ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ მოქმედებდა ორწლიანი აქცია, რომელიც დასრულდა და შესაბამისად, განახევრებული ფასი პირვანდელ ტარიფს დაუბრუნდა.

როგორც კომპანიის წარმომადგენელმა, გიორგი შენგელიამ bpn-ს განუმარტა, აქციის დასრულებისა და ტარიფის ცვლილების შესახებ მათ მომხმარებელს შეატყობინეს როგორც sms-ით, ისე Facebook-ის გვერდის მეშვეობით და ასევე განუთავსეს სპეციალური შეტყობინება ეკრანებზეც.

თუმცა, bpn-ი ესაუბრა Global TV-ის რამდენიმე აბონენტს, რომლებმაც ტარიფის ცვლილების შესახებ არაფერი იცოდნენ. მათ დაადასტურეს, რომ აქცია ნამდვილად იყო, თუმცა ისინი არავის გაუფრთხილებია არც ხელშეკრულების გაფორმების მომენტში და არც მას შემდეგ, რომ ეს აქცია დასრულდებოდა. მით უმეტეს, არ ჰქონიათ ინფორმაცია აქციის დასრულების ზუსტი თარიღის შესახებ.

მომხმარებლებმა უკმაყოფილება გამოთქვეს ტარიფის გაძვირების გამო, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ ხარისხიან მომსახურებას არ იღებენ.

გიორგი შენგელიამ კი აღნიშნა, რომ Global TV-ის კონკურენტებთან შედარებით, საკმაოდ პოზიტიური ტარიფები აქვს. კომპანიის მიერ შეთავაზებული პაკეტების ფასი 5 ლარიდან იწყება და არხების რაოდენობის მიხედვით იმატებს. კომპანია მომხმარებელს 120-ზე მეტ სატელევიზიო არხს სთავაზობს.