პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე “საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA) 2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინეს.
ანგარიში კომიტეტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ წარუდგინა.
არველაძის განმარტებით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმს მოიცავს, რომელმაც საქართველოს ევროკავშირის ბაზარი გაუხსნა.
ხელშეკრულება მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საქონლით ვაჭრობა და დაცვითი ზომები, სტანდარტიზაცია, მეტროლოგია, აკრედიტაცია და შესაბამისობის შეფასება, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები, საბაჟოსა და ვაჭრობის ხელშეწყობა, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებები ენერგეტიკის სფეროში, გამჭვირვალობა, კანონმდებლობის დაახლოების ზოგადი დებულებები და სხვა.
მომხსენებლის თქმით, 2016 წლის იანვრიდან 220-ზე მეტმა ქართულმა კომპანიამ დაარეგისტრირა საექსპორტოდ თავისი წარმოებული პროდუქცია და მომსახურება. მეწარმეობის განვითარების სააგენტომ სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 70-ზე მეტი საწარმო დააფინანსა, რამაც შესაძლებელი გახადა ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, აკრედიტაციის ცენტრის მიერ ჩატარდა ტრენინგები საერთაშორისო სტანდარტების სფეროში. გასული წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით 25 საკანონმდებლო აქტში განხორციელდა ცვლილებები. DCFTA-ის ფარგლებში განხორციელდა მთელი რიგი რეფორმები მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიმართულებით როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე მეწარმეობის სფეროში, განხორციელდა ღონისძიებები ცნობიერების ამაღლების მიზნით.
გასული წლის ანგარიშის დასრულების შემდეგ, გენადი არველაძემ ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების 2017 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმაც წარმოადგინა.